მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბეჟან გუნავამ შენობის შესასვლელის პიკეტირება სცადა. სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი, თუმცა გუნავა მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დაკავების პროცესს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე მომიტინგის მტკიცებით, პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. მომიტინგეების განცხადებით, დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ მოისმენს. აქციას სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა მართავს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის მათ საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ.
როგორც ცნობილია, ამავე ჯგუფმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართა. ბეჟან გუნავა მაშინაც დააკავეს.
დაკავებულ გუნავასა და მის შვილს სავარაუდოდ დღესვე სასამართლოში გადაიყვანენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბეჟან გუნავა და მისი შვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილობლობას გულისხმობს.