მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორი იქნებოდა "იმელის" შენობა, ახლადგახსნილი ცათამბჯენის ნაცვლად მის ადგილას Kempinski-ის სასტუმრო რომ აშენებულიყო.
"რომ არ წაერთვა იმელის შენობა წინა მთავრობას დიმას კომპანიისთვის!.." - ასათაურებს ფოტოებს მოდელი. ჩაჩუას მეუღლე დიმა ნაფეტვარიძე სამშენებლო კომპანიის მფლობელია. Kempinski Hotels-მა, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდა Capital Vostok Ltd., 20016 წლის დეკემბერში თბილისის ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის თაობაზე კონტრაქტი გააფორმა.
Krier-Kohl Architects-ის დიზაინით დაგეგმილი Kempinski-ს 200-ოთახიანი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, რომელიც 2010 წლისთვის სრულდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობაში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იყო დაგეგმილი.
თავდაპირველად, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ "იმელის" შენობა საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკავებინა. ამ მიზნით გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც განხორციელდა, თუმცა შემდეგ შენობა Capital Vostok Ltd.- ს გადაეცა - კომპანიას, რომელიც საქართველოში თავისი შვილობილი კომპანიის - უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმა Aword-ის მეშვეობით ფუნქციონირებდა.
შეგახსენებთ, 31 ივლისს თბილისში, უმაღლესი კლასის სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გრანდიოზულად გაიხსნა.
სასტუმროს მშენებლობაში 140-მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. "ბილთმორი" ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. "ბილთმორ თბილისს" 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.