რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

რაც შეეხება ომის ქრონოლოგიას, 2008 წლის დასაწყისიდან მოვლენები შედარებით მშვიდად ვითარდებოდა. მოსკოვის, მისი მარიონეტული რეჟიმებისა და თბილისის მხრიდან პერიოდულად ვითარების დაძაბვის მცდელობისა და პროვოკაციების თაობაზე ურთიერთბრალდებები ისმოდა.

ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება.

განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდეს. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ "საშინაო მონახაზები" მზად ჰქონდა.

31 მაისს რუსეთმა, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაასრულა.

პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლების დაბომბვა თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა.

30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.

ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება პირველ აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგადაც, 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. შეტაკების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა.

7 აგვისტოს, ცხინვალში, დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას უნდა დასწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, თუმცა მან ავტომობილის დაზიანება მოიმიზეზა და თბილისიდან ცხინვალში აღარ ჩავიდა. იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა და ცხინვალი მალე დატოვა.

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი, საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს.

რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად გორის რაიონს 10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფსელში ჩავიდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებოდნენ სოფელ პერევში, რომელიც 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და აღიარება უკან წაიღეს.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."