მოდელმა და ტელეწამყვანმა თამუნა ვაშალომიძემ "კვირის პალიტრასთან" თავისი ბავშვობა, თინეიჯერობა და წარმატების მისაღწევად განვლილი გზა გაიხსენა.
- თამუნა, ცელქი ბავშვი იყავი?
- ბიჭივით ვერთობოდი, ხეებსა და ავტოფარეხებზე დავძვრებოდი, მაინტერესებდა ფეხბურთი. ერთხელ 35-ე სკოლაში არველაძეს მივაკითხე და ვთხოვე, ბიჭებთან ერთად მათამაშე-მეთქი.
- რა არის შენი უარყოფითი და დადებითი თვისება...
- ყოველთვის ჯიუტი ვიყავი, არადა, კომპრომისიც საჭიროა, რომ მერე მოგებული დარჩე, მაგრამ არ შემიძლია... დადებით თვისებად მიმაჩნია, რომ მიზანდასახული ვარ. ჯერ მომღერლობა მინდოდა, შემდეგ ჟურნალისტობა. ინგა გრიგოლიას ვბაძავდი, ვითომ მიკროფონი მეჭირა და გადაცემა მიმყავდა.
- რა გახარებდა და რა გწყინდა?
- თუ ხუთიანს მივიღებდით, პატარა დროშებით გვაჯილდოებდნენ. მიხაროდა, შინ დროშებით რომ მივიჩქაროდი, ვიცოდი, დედას გაუხარდებოდა. ვბრაზობდი, როცა ოჯახის წევრები ჩემს უმცროს ძმას ანებივრებდნენ... ერთხელ ეტლით სასეირნოდ წავიყვანე და შემთხვევით დაგორდა. გავეკიდე და ორივე არხში გადავეშვით. ნიკაპი იტკინა, მე კი სულ დასისხლიანებული ვიყავი. შინ დაბრუნებულს ძალიან მეჩხუბნენ და მხოლოდ შემდეგ გაახსენდათ, რომ ჭრილობები დასამუშავებელი მქონდა...
- ბევრი მეგობარი გყავდა?
- კომუნიკაბელური ვიყავი, მაგრამ ძალიან ახლოს არავის ვუშვებდი. დღესაც მხოლოდ 3 უახლოესი მეგობარი მყავს. დღიურებს ან წერილებს ვწერდი, რომელსაც ადრესატთან არასდროს ვგზავნიდი. ჩანაწერებს ახლაც ვაკეთებ, თუ რაიმე ძალიან გამახარებს ან დამამწუხრებს. დედაჩემი ჩემს დღიურებს კითხულობდა, ამიტომ ფურცელი მასთან კომუნიკაციის საშუალებად გადაიქცა. ვქსოვდი და სამკაულებს ვაწყობდი. 13 წლისამ რამდენიმე ნივთი სასტუმროშიც გავყიდე. ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ მოძღვრისთვის ჯვრებსა და სანიშნეებს ვაკეთებდი.
- მოდელობაზე როდის დაფიქრდი?
- როცა ირინა ონაშვილი "მის მსოფლიოს" ოცეულში მოხვდა, მაშინ ვინატრე, ნეტავ ერთ დღეს მის ადგილას აღმოვჩნდე-მეთქი. მაშიIნ გვირგვინიც მაჩუქეს. თავზე დავიდებდი და წარმოვიდგენდი, რომ გამარჯვებული ვიყავი. დღესაც შენახული მაქვს. ერთხელ სოფელში კონკურსი ჩაატარეს: "სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა" და მე გავიმარჯვე. არასდროს დამავიწყდება ის ვითომ პოდიუმი. ერთმა ქალმა მითხრა, ახლა სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ რომ გაიზრდები, საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალი გახდებიო... განაგრძეთ კითხვა