ვახტანგ რჩეულიშვილმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი შვილი, გუკა რჩეულიშვილი მოინახულა. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე თავად ავრცელებს ინფორმაციას.
"მადლობას ვუხდი ყველას ( სასჯელაღსრულების სამინისტროს, სახალხო დამცველს და შესაბამისს საპარლამენტო კომიტეტს), რომ გუკასთან შეხვედრის უფლება მომცეს. დავრწმუნდი რომ ნორმალურ პირობებშია. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც მაია უჩივის ადმინისტრაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა ძირითად პრობლემას ცხადია არ ხსნის: მაიას წინასწარ პატიმრობაში აყვანით ზარალდება მთელი კომპანია და მისი კლიენტებიც. ამ დროს პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და მისი გადაწყვეტის ფორმულა მარტივია - დაგვიბრუნოს ხელისუფლებამ ჩვენი ქონება და ჩვენი კლიენტების პრობლემაც უცებ მოგვარდება. ჩვენ მილიონერები ფულით ან ცხოვრების წესით კი არ ვართ, არამედ იმ ქონების გათვალისწინებით, რაც უკანონოდ წაგვართვეს! საბოლოოდ მჯერა, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და დამთავრებულ მშენებლობებზე ვინმეს გულის გასახარად მშენებლებს აღარ დაიჭერენ! რამოდენიმე მათგანმა მოიკლა თავი უკვე ამ ხელისუფლების დროს, თუმცა პრობლემები ძველი ხელისუფლებიდან მოდის. მათ შორის სალომეს ბიძამაც თემა ჩარკვიანმა. ისიც ცდილობდა კრიზისით დაზარალებულების თავად გასტუმრებას, მაგრამ ელემენტარული სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ცნობისათვის, მას "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" (სააკაძის ობიექტის მშენებლობის ინვესტორი) 600 000 ლარი ვალი დარჩა, რაზედაც მისი ოჯახისათვის არც კი გვითქვავს.ან რაღა აზრი ჰქონდა. სიკვდილმა ვალების ჩამოწერა იცის. ამ ბედს გვიმზადებენ ნეტავ?"- წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.
მაია რჩეულიშვილს "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და ის ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. თაღლითობისა და თანხების მითვისების ეპიზოდებზე გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.