"ერთი დავკარგეთ და დანარჩენები მაინც დაგვიბრუნონ..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მესამე თვეა ვერ პოულობენ

"ერთი დავკარგეთ და დანარჩენები მაინც დაგვიბრუნონ..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მესამე თვეა ვერ პოულობენ

20 მაისს ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლიდან გაუჩინარებული 4 წლის რამაზის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბავშვი სოფლის ცენტრში, სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, თანატოლებთან და 5 წლის ძმასთან ერთად თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

4 წლის რამაზი სოფელში დედასთან, მამასთან, ბებიასთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობდა. დაკარგული რამაზის 90 წლის ბებია AMBEBI.GE-სთან საუბარში ბავშვის დაკარგვის დღეს იხსენებს: "ლეკვივით წაიყვანეს ჩემი რამაზი... ეზოდან არ ვუშვებდი ბავშვებს, 20 მაისს მეზობლის დღეობაზე გადავედი ერთი საათით, ამ დროს გასულან ჩემი ლეკვები ეზოდან და რამაზი დაიკარგა. უფროსი ძმა ამბობს, რომ წითელი მანქანით მოვიდა კაცი, რამაზი დაიჭირა და წაიყვანაო. იმის მერე ვეძებთ, პოლიციაც იყო მოსული, ტყეშიც ვიყავით, მაგრამ ძაღლებიც კი ვერ პოულობენ რამაზის კვალს. საწყალი ხალხი ვართ და ვერ ვპოულობთ ჩემს შვილს, მდიდრები რომ ვიყოთ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. ჩვენ კი სხვა ბავშვებიც წაგვართვა პოლიციამ"

ზურაბ ჯ., დაკარგული ბავშვის მამა: "ბავშვი როცა დაიკარგა და ვერ ვიპოვეთ, პოლიციაში დავრეკეთ. მოვიდა პოლიცია და გვითხრა დანარჩენი შვილები ჩვენ უნდა წავიყვანოთო. გული წამივიდა და ძლივს მომაბრუნა მეზობლის ბიჭმა. მაშინ წავიდნენ და მერე ღამის სამ საათზე მოვიდა პოლიცია და სოციალური სამსახური, პატარა წლის და რვა თვის ძუძუს ჭამდა, უფროსი გააღვიძეს და ორივე ბავშვი წაიყვანეს. გვითხრეს დროებით წავიყვანთ, რადგან თქვენ სამძებრო სამუშაოებში უნდა ჩაგრთოთო, მაგრამ სამი თვე გავიდა და ბავშვებს აღარ გვიბრუნებენ. უფროსი ტირის, სახლში უნდა... ერთი დავკარგეთ და დანარჩენები მაინც დაგვიბრუნონ. იქნებ ამაში მაინც დაგვეხმაროთ.

ამბობენ რომ თითქოს ჩვენ გავაქრეთ ბავშვი, თითქოს დედამ გაყიდა. დედამ ხელის მოწერა არ იცის და როგორ გაყიდიდა? ქათამს ვერ გაყიდის ბაზარში. ნაბიჭვარი ხომ არ იყო რომ გაგვეყიდა? აღარ შეგვიძლია, სახლში ვართ გარეთ არ გვინდა გასვლა, გარეთ ვართ სახლში არ გვინდა შემოსვლა. რა ვქნათ აღარ ვიცით.

- რა ვერსიები გაქვთ, რა გახდა რამაზის გაუჩინარების მიზეზი?

- არაფერი არ ვიცით, ზურიკოს სიზმარი დაესიზმრა შენი შვილი მწყემსებთან არისო, მაგრამ ჩვენ არც მანქანა გვყავს და ფულიც არ გვაქვს მწყემსებთან რომ წავიდეთ. დამიბრუნოს თუ ვინმეს ეზოშია ჩემი რამაზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

AMBEBI.GE სოციალური მომსახურების სააგენტსოსაც დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ოჯახს ბავშვებს დაუბრუნებენ.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ოჯახს სურს ბავშვების დაბრუნება, მაგრამ ვინაიდან მძიმე პირობები აქვთ, ბავშვები ამ დრომდე რჩებიან თავშესაფარში. მშობლები მათ ხშირად ნახულობენ. უახლოეს პერიოდში მოვიწვევთ კონფერენციას, ოჯახის წევრებთან ერთად, ბავშვებზე პასუხისმგებლობას ნათესავები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აიღებენ, რომ მოხდეს ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ამის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი ოჯახს" - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი