"სპარტაკის" შეუსრულებელი მისია - 22 წლის წინ გაუჩინარებული ბათუმური გემის იდუმალებით მოცული ისტორია

"სპარტაკის" შეუსრულებელი მისია - 22 წლის წინ გაუჩინარებული ბათუმური გემის იდუმალებით მოცული ისტორია

...1994 წლის 2 დეკემბერს ბათუმის პორტიდან იალტის მიმართულებით სატვირთო გემი "სპარტაკი" გავიდა. გემზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

"სპარტაკი" თავდაპირველად სამეცნიერო ხომალდი იყო, რომელსაც ოკეანოლოგები იყენებდნენ, ბოლოს ის კაპიტანმა რომან ჯიბლაძემ შეიძინა და ის სატვირთო ხომალდი გახდა. განახლებულმა გემმა პირველი საზღვაო რეისი 1994 წლის იანვარში შეასრულა, წლის ბოლოს, დეკემბერში გაუჩინარდა და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაკარგული ხომალდის საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, როგორც კაპიტანი სპარტაკ ჯიბლაძე ამბობს, 1997 წლის შემდეგ არაოფიციალურადაც აღარ მიუღიათ ცნობები "სპარტაკის" შესახებ.

გაურკვეველ ვითარებაში გამქრალი გემის მგზავრების და ეკიპაჟის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ 22 წლის წინ გაუჩინარებული ახლობლები ცოცხლები დაუბრუნდებიან. "სპარტაკის" მფლობელის ვაჟი, კაპიტანი სპარტაკ ჯიბლაძე გემის იდუმალებით მოცულ ისტორიას AMBEBI.GE-ს უამბობს.

- იმ დღეს მე უნდა ვყოფილიყავი გემის კაპიტანი, მაგრამ გულმა შემაწუხა, ამიტომ წასვლა ვეღარ შევძელი. ჩემს მაგივრად მამა აპირებდა წასვლას, მაგრამ კაპიტანმა ვიტალი უნგიაძემ მამას უთხრა, მე წავალ იალტაშიო და გემი ღამის პირველ საათზე გავიდა ბათუმის პორტიდან.

- რით იყო დატვირთული გემი?

- ბორტზე იყო 5 ტონა ჩაი, 4 ავტომანქანა, 10 ტონა ნავთობი და 75 ტონა მანდარინი. გემი სწორად იყო დატვირთული. "სპარტაკი" პოლონეთში აწყობილი გემი გახლდათ, თავიდან სამეცნიერო საქმეებისთვის იყენებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს იძულებული გახდნენ, გემი გაეყიდათ, რადგან ვალები ჰქონდა დაგროვებული და მამაჩემმა და მისმა მეგობარმა იყიდა უკრაინელებისგან 25 000 დოლარად. მე მაშინ საქართველოს ნაოსნობაში ვმუშაობდი, როცა გავიგე გემი გვყავდა, ბათუმში გადავედი, გავაკეთე გემი და "სპარტაკის" კაპიტანი გავხდი. ტვირთებზე ვმუშაობდით და რამდენიმე რეისი შევასრულეთ სხვადასხვა მიმართულებით.

- ამბობენ, რომ მანდარინის ქვეშ იარაღი იყო დამალული...

- პატარა გემი იყო, სადაც იარაღს ვერ დამალავდნენ. ჩვენ 26 ნოემბერს დავბრუნდით ბათუმში, შტორმი იყო, რის გამოც, ინაიშვილების ოჯახს, გემის მანდარინით დატვირთვაზე თავდაპირველად უარი ვუთხარით. ციტრუსის შენახვას სპეციალური პირობები და ვენტილაცია სჭირდება, რაც გემზე ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ სანამ შტორმი არ ჩადგა მანდარინით არ დავტვირთეთ. როცა ამინდი დაწყნარდა "სპარტაკი" გავიდა ბათუმიდან. მასთან ერთად პორტიდან სამი პატარა გემიც გავიდა, "სპარტაკი" კარგად იყო სისტემურად აღჭურვილი და პატარა გემები ცდილობდნენ, მის გარშემო ევლოთ ზღვაში. "სპარტაკის" და "სამეგრელოს" კაპიტნები მეგობრობდნენ. ზღვაში რადიოსადგურით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს საღამოს 11 საათზე, უნგიაძეს უთქვამს ბორტზე სტუმრები მყავს და ახლა ვერ დაგელაპარაკებიო. ვინ იგულისხმა ამ სტუმრებში არ ვიცი. "სამეგრელოს" კაპიტანმა რადიოსადგურში ასევე, გაიგო, რომ "სპარტაკის" კაპიტანს სოჭთან უთხრა ვიღაცამ უკვე იალტაში ვართო. ვარაუდობენ, რომ აფხაზებმა გაიტაცეს გემი და მანდარინი მიითვისეს, ან მგზავრებმა აიძულეს კაპიტანი აფხაზეთში შესულიყო.

- როდის დაიწყეთ სამძებრო სამუშაოები?

- 4 დეკემბერს გავფრინდი სოჭში, ვერტმფრენით ვეძებდით ადლერიდან ყირიმამდე, აფხაზებსაც ვთხოვეთ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოეცათ, მაგრამ უარი გვითხრეს. წყალში არაფრის კვალი არ ჩანდა, გემი ჩაძირული რომ ყოფილიყო, ნავთობი მაინც იქნებოდა წყალზე. ავთო იოსელიანი გვეხმარებოდა, მისმა უშიშროებამ დააფიქსირა გემი აფხაზეთში. ჯაბა იოსელიანმა "მხედრიონიდან" გამოგვიყო კაცი, ვისაც კავშირები ჰქონდა აფხაზებთან, მაგრამ ვერ შედგა მოლაპარაკებები და აფხაზეთში არ შეგვიშვეს. ასლან აბაშიძეს თითიც არ გაუნძრევია დასახმარებლად.

ჭორის დონეზე ვიცით, რომ აფხაზური მხარე დაუკავშირდა ასლან აბაშიძეს, უთხრა "სპარტაკი" და თქვენი ხალხი ჩვენ გვყავს დაკავებული, ორ კატერში თუ გაგვიცვლით დაგიბრუნებთო, მაგრამ აბაშიძემ არ დათმო კატერები. ერთ-ერთი მგზავრის, რუსეთის მოქალაქე 17 წლის მიხეილ ინაევის დედამ რუსეთის პროკურატურას მიმართა და მათგან პასუხად მიიღო, რომ გემი აფხაზეთში იყო. მოტორისტ გიორგი ნიკურაძის მშობლებს კი ორი პირი ესტუმრა, აჩვენეს შვილის წერილი სადაც ის წერდა, რომ აფხაზეთის ციხეში ვარ, მალე დავბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ წერილიც კი არ დაუტოვეს ოჯახს. ინაიშვილს და ნარსიებს კი ემუქრებოდა აჭარის მთავრობა.

- იმედი გაქვთ რომ დაკარგული ხომალდი და ეკიპაჟის წევრები გამოჩნდებიან?

- სანამ აფხაზეთი არ დაბრუნდება, ალბათ, არაფერი გაირკვევა...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ საქონელი გატანილი ჰქონდათ და მგონი, ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს" - გორის მერი

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

"ზურას ათი წლის ასაკში ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო, ეს სიმსივნე იყო! გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი" - გოგლა ჟვანია მშობლებსა და უმცროს ძმაზე