ანრი ჯოხაძე პირველი გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება. კონცერტის სარეკლამო რგოლში, რომელიც ტელეეთერში უკვე გადის, მომღერლის სიმღერის ფონზე გაისმის ფრაზები - "ადამიანი რომ "თბილისოს" გაარემიქსებს, დასაჭერია"; "ეგ საქართველოში ვერაფერს მიაღწევს", "ვის უნდა ამის ისტერიული კივილი?!", "ეს ამ კონცერტზე არ იმღერებს", "გახიშტული ჯოკერი"... - ამ ფრაზებს მომღერალი წლების განმავლობაში საკუთარი მისამართით, არასასიამოვნო კონტექსტში ისმენდა...
როგორ ემზადება მომღერალი კონცერტისთვის და რატომ ჩადო პირველი სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ასეთი პროვოკაცია, ამაზე ანრი ჯოხაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:
- ამდენი წელია სცენაზე ხარ, აქამდე რატომ ვერ შეძელი სოლო კონცერტის გამართვა?
- რაღაც ყოველთვის ხელისშემშლელი, პატარ-პატარა ფაქტორები იყო ხოლმე, რაც მაბრკოლებდა. წელს ორმაგად სასიამოვნო იყო ის, რომ საქართველოს კულტურის განვითარების ფონდმა, ქართველი მომღერლების დასახმარებლად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გადაწყვიტა, რომ სცენას, აპარატურას და ტერიტორიას დაგვითმობდა, რაც მთავარია, უსასყიდლოდ! აქ ჩემს ფრაზას დავამატებ, "ვისაც ტ**კი გაქვთ, გააკეთეთ. ჰოდა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ****ანი ბიჭი ვარ...
- სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ის ფრაზებია გაბნეული, რომელსაც წლების განმავლობაში შენი მისამართით ისინი ამბობდნენ, ვისთვისაც მიუღებელი იყავი. რატომ გადაწყვიტე, რომ ეს რეპლიკები, კონცერტის წინ, სარეკლამო ნაწილში გამოგეყენებინა. ერთგვარი ანგარიშსწორება ხომ არ არის?
- დამეთანხმები, რომ სარეკლამო რგოლიდან გამოსროლილი ფრაზები არაფრით შეიძლება ანგარიშსწორებად ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ პერსონას ისე მცირედ, ეს გამეკეთებინა. უბრალოდ, გავლილი ეტაპია, რომელიც ყოველთვის მახსოვს და მაძლიერებს. ამასთან, იმ ახალგაზრდა, დამწყები მომღელებისთვის მაგალითია, რომ არასოდეს უნდა მიაქციო ყურადღება დისკრედიტაციას, ტალახის სროლას. პრინციპში, ნათელი მაგალითია იმისთვის, რომ ოდესმე ვიღაცის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები, ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება, მომავალში რეკლამად აქციოს და ამით ფულიც იშოვოს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი სცენაზე ადის...
- წლების წინ, "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ, როდესაც მოისმინე ფრაზა, რომ დასაჭერი იყავი, რა რეაქცია გქონდა?
- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, გეტყვი, რომ სარეკლამო რგოლში მხოლოდ ის ფრაზებია გამოყენებული, რომელიც კორექტულობას არ სცდება და მისი ხმამაღლა და საჯაროდ თქმა შეიძლება. თუმცა, ამის პარალელურად, ჩემი შეურაცხყმყოფელი ფრაზების ისეთი სია მაქვს შედგენილი (მეგობრების დახმარებით აღვიდგინეთ), რაც ჩემთან მიმართებაში გაისმოდა, რომ იმას რგოლში ვერ ჩავსვამდი, რადგანაც ყველანაირ მორალს და ეთიკის ნორმებს სცდება. მათი ავტორები დღეს ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, რომელბიც დღეს მემეგობრებიან. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...
რაც შეეხება "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ ჩემს რეაქციას, ისე ცუდად გავხდი, რომ ოჯახში სასწრაფო გამოიძახეს, 18-19 წლის ყმაწვილი ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა. მერე და მერე ეს ყველაფერი განელდა, თან, თავდაცვითი მექანიზმები, რეფლექსები გამომიმუშავდა.
- აპატიე ადამიანებს შეურაცხყოფა?
- არ ვარ ბოღმა... ხომ ვამბობ, ბევრი მათგანი მემეგობრება და მიყვარს კიდეც, მათ შემოქმედებას და მიღწევებს ყოველთვის პატივს ვცემდი. საერთოდ, ასე ხდება, - ცხოვრებაში როდესაც რაღაც ახალი ჩნდება, მას საზოგადოება რთულად იღებს. ვიმეორებ, ამ ფრაზების სარეკლამო რგოლში გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვებისთვის სტიმულის მიცემას ემსახურება, ერთგვარი ინსპირაციაა, - გააგრძელე, იარე, არ შეჩერდე და შენ მაინც მოხვალ! ადამიანს თუ ძალა შესწევს, იმოძრაოს, შექმნას, აკეთოს, ამ უნარს მას ვერავინ წაართმევს. ბევრი ახალგაზრდა მეგულება, რომ ამ კრიტიკის გამო, თავს დამცირებულად გრძნობს და ვერ ვითარდება, რაც ძალიან მტკივნეულია.
- თავად როგორ ხარ განწყობილი დამწყები მომღერლების მიმართ?
- თუნდაც უნიჭო მედგას წინ და საშინელებას მღეროდეს, მინიმუმ იუმორში გავუტარო და ისე ვუთხრა, ვერ დავამცირებ, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდეს... ყვლაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არის ლამაზი.
- როდესაც კონცერტში ჩასმული იყავი და იქიდან შენს გვარს იღებდნენ, - ამაზე რა რეაქცია გქონდა?
- ასეთი კონცერტი ბევრი იყო, მაგრამ ჩემ გვერდით კეთილგანწყობილი ადამიანებიც საკმაოდ იყვენენ, მათი დახმარების გარეშე ვერ გამოვჩნდებოდი ვერსად. თუმცა თუ ვინმე ასეთი მეხმარებოდა, ორგანიზატორი, რომელიც ჩემ მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი, სიიდან მიღებდა. ერთხელ ჩემი სახელი წითელი ფლომასტერით გადახაზულიც ვნახე, - კი ასეთი რაღაცები იყო. მერე ხანდახან მქონდა შეგრძნება, რომ იქნებ სიმღერას თავი დავანებო, რადგან არ გამომდის... ასეთი გადაწყვეტილების წინაშე სამჯერ დავდექი და ერთხელაც განერვიულებულ გულზე, ანუ მორიგი შემოტევისას, მთელი, მაშინ უკვე 10 საერთაშორისო კონკურსის დიპლომები და ჯილდოები გადმოვიღე და დავამსხვრიე. ასეთებიც იყო... ამ თემებზე არასრდოს მილაპარაკია...
- ე.ი. რაკი ქართულ სცენაზე წინააღმდეგობები გქონდა, ალტერნატიული გზას ეძებდი, საერთაშორისო კონკურსებზე დამოუკიდებლად მონაწილეობდი და 14 კონკურსის გამარჯვებული ხარ. აქედან გაქცევის მცდელობა ამ ფორმით გქონდა?
- კი. როდესაც არ გიღებენ, ცდილობ, გაიქცე იმისთვის, რომ გადარჩე... როდესაც კარიერას იწყებ, ყველა ვარიანტში, მიზერული შემოსავალი გაქვს და თუ ეს გზა შენთვის დაკეტილია და თან, ოჯახის ერთადერთი პატრონი, მარჩენალი ხარ, ხვდები, რომ ალტერნატიული მიმართულება აუცილებლად მოსაძებნია... იმ არაჩვეულებრივ წარმატებებთან ერთად, ფულადი ჯილდოებიც იყო და რეალურად წლები საერთაშორისო კონკურსებზე აღებული თანხებით ვცხოვრობდი.
- დღესაც ხომ ეს სფეროა შენი ერთადერთი საარსებო წყარო?
- რა თქმა უნდა. მე სხვა ბიზნესი არ გამაჩნია, მხოლოდ მუსიკით ვცხოვრობ, ეს მთელმა ქვეყანამ იცის. მგონია, რომ შრომა ნებისმიერ ქვეყანაში ფასდება. არ შეიძლება შრომობდე და არ დაგიფასდეს, გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას - ნაკლები, მაგრამ არ მეგულება ჩემ ირგვლივ ადამიანი, რომელიც საქმიანობს და არ აქვს შემოსავალი... შრომისუნარიანი უნდა იყო და შედეგს აუცილებლად მიიღებ!
- ხარ თუ არა ძვირადღირებული მომღერალი?
- რა თქმა უნდა...
- რა ელის მაყურებელს შენს სოლო კონცერტზე?
- ჩემს მსმენელს, რომელიც 30 აგვიტოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ე.წ. კორტებზე მოვა, იმ სტანდარტის შოუს შევთავაზებ, რასაც დღეს მსოფლიო ვარსკვლავები გვთავაზობენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამისთვის არაფერს ვიშურებ, არანაირ ენეგიას ვზოგავ. უკვე ერთი თვით ადრე რეპეტიციებს ტერიტორიაზე გავდივარ. შესრულდება დაახლოებით, 20-22 სიმღერა, მათ შორის, ბევრი დუეტი (განსხვავებულებიც). მუსიკალურად უამრავი სიახლე იქნება. არაფერს ვამბობ პერფომანსზე, სადაც მაყურებელს მსუბუქ კულტურულ შოკს მივაღებინებ.
- რეჟისორიც თვითონ ხარ?
- დიახ, ანრი ჯოხაძეს ანრი ჯოხაძე ყველაზე კარგად იცნობს... მინდა, გავაკეთო ის, რისი თქმა და ჩვენება მაყურებლისთვის ბოლომდე მინდა! რეპერტუარი უმეტესად ორიენტირებული იქნება ქართულ მუსიკაზე, არა იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს, უბრალოდ, მინიმუმ მუსიკალურად ვაჩვენო, რომ ქართულიც ისევე თანამედროვედ ჟღერს, როგორც უცხოური. ამიტომ ჩემი პრიორიტეტი არის ქართული რეპერტუარის პროპაგანდა, იქნება ქავერები, რომელიც მსნელს უყვარს და მეც მიყვარს, თან, შოუსაც სჭირდება...
ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რაც გავაკეთე, გურამ საღარაძესთან ჩაწერილი სიმღერა იყო, რომელსაც სიმფონიურ ორკესტრთან და 55-კაციან კაპელასთან ერთად შევასრულებ, სცენაზე 3D ეფექტით გურამ საღარაძე გამოჩნდება, რომელიც შანდორ პეტეფის ლექსს - "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" წაიკითხავს. ასე რომ, ველი ჩემს გულშემატკივარს...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE