"მთელი ცხოვრება საკუთარი შემოსავლები რომ მეგროვებინა, ამდენ თანხას მაინც ვერ მოვუყრიდი თავს" - ამბობს გივი მანძულაშვილი, რომელმაც 19 ივლისს ლოტოს 679-ე გათამაშებაში ჯეკპოტი - 577,321 ლარი მოიგო. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი და შორეული ოცნება, ახლა მისთვის რეალობაა.
62 წლის კასპელ მამაკაცს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს. ბატონი გივის უფროსი შვილი და შვილიშვილი წარმატებული სპორტსმენები და კარატეში მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორები არიან. როგორც გამარჯვებული ამბობს, ბოლო ნახევარი წელი, მოგების იმედით ლოტოს ბილეთს ერთი და იმავე რიცხვებით ავსებდა.
კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ოცნება მანძულაშვილებისთვის ბატონი გივის მეუღლის სამშობლოში დაბრუნება იყო - მარინა მანძულაშვილი 11 წელი საბერძნეთში მუშაობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლო ოჯახის წევრების სანახავად ჩამოსვლა. ახლა მას ემიგრაციაში წასვლა აღარ მოუწევს - მანძულაშვილების ოჯახი ლატარიაში მოგებული თანხით მათი ყველა ოცნების ასრულებას შეძლებს.
საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში გამარჯვებულისთვის თანხის ოფიციალური გადაცემის ცერემონია დღეს გაიმართა. გივი მანძულაშვილი კუთვნილი თანხის მისაღებად კომპანიაში ოჯახის ყველა წევრთან ერთად გამოცხადდა. ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, ლოტოს გათამაშებაში მოგებული თანხა 577,321 ლარი გივი მანძულაშვილს პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.