საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებული საკითხი იმ კამპანიის გაგრძელებაა, "როცა რაღაცას დაგაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გასცე".
კვირიკაშვილის თქმით, ის დაინტერესდა გავრცელებული ინფორმაციით და გუშინ საღამოს მთავარ პროკურორს ესაუბრა.
"პროკურორი აცხადებს, რომ მას თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არც ერთი მიმართვა არ მიუღია. რაც შეეხება თავად საკითხს, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს და განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი გავრცელებული ინფორმაცია გამოსაძიებელი იქნება და თუკი იარსებებს გამოსაძიებლად საკმარისი მასალა, ასეც მოხდება.
"საზოგადოების შეკითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ მე როგორც მეჩვენება, ყველაფერი არის იმ კამპანიის გაგრძელება, როცა რაღაცას დაგვაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გავცეთ. იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ", - აღნიშნა პრემიერმა.
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.
საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
ტრისტან წითელაშვილი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და ტელეკომპანიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. წითელაშვილის თქმით ობიექტი, რომელზეც ის იმყოფებოდა არ წარმოადგენდა საიდუმლო სამხედრო ობიექტს:
"ეს სამხედრო გასაიდუმლოებული ბაზა არაა, ეს არის ჩვეულებრივი ობიექტი, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიები. მინდია ჯანელიძესთან მე კომუნიკაცია გენინსპექციის საშუალებით მქონდა. ამ ობიექტზე სპეციალური დაშვება საჭირო არ იყო. სიტყვიერი შეთანხმება იყო ჩემსა და ხორბალაძეს შორის, რომ შეგვემოწმებინა ის გადამალული და მოპარული საინჟინრო ტექნიკა, რომელიც თელეთის მთაზე ქონდა მოპარული კალანდაძეს. ეს არ იყო სამხედრო ობიექტი", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, მან პოლიტპატიმრის სტატუსით ციხე დატოვა.