ბოლო წლებია, "პატრიოტთა" დიდი ნაწილი სადარაჯოზე დგას და ქართველობას იცავს, რომელსაც მთელი მსოფლიო "გვედავება და გვართმევს", თუმცა ვის ან რისთვის სჭირდება ჩვენი ქართველობა, ან საერთოდაც, რა არის ქართველობა, ამაზე პასუხი ცოტა რთულია.
თუ ანბანია ქართველობა, მაშინ მას ჩინელი უბრალოდ არ წაგვართმევს, რადგან მას ჩვენზე ძველი ანბანი აქვს, რომელიც სრულყოფლად თავად ჩინელებმაც არ იციან, მაშ რაში სჭირდებათ მათ კიდევ დამატებითი ანბანი?! ჩინელები იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ მათ აღიქვამენ ქართველების ერთ-ერთ დაუძინებელ მტრებად, არადა ეს პატიოსანი ხალხი ჩამოდის, მთელი დღე მუშაობს, ჩვენს მიერ მიგდებულ მიწებს ქირაობს, ზოგსაც ყიდულობს (ისევ მათგან ვინც ქართველობას იცავს!), ამუშავებს ამ მიწას და მოგებასაც ნახულობს. ჩვენ დაგვიშალა ვინმემ ამ მიწის დამუშავება?! თუ "ბირჟაზე" ჯდომა და დილით სამუშაოდ მიმავალი ჩინელის ლანძღვა გაცილებით იოლია?! მგონი მეორე, მთავარია ბუა - "ქართველობას გვართმევენ" არის და შვილებსაც შევაშინებთ.
თუ ქართული კულტურაა ქართველობა, მეეჭვება ევროპა ამაში შეგვეცილოს, რადგან მიუხედავად ჩვენი მართლაც უნიკალური კულტურისა, არანაკლები (თუ მეტი არა) კულტურული ძეგლები აქვთ ევროპულ ქვეყნებს, მათ კი ურჩევნიათ თავისას მიხედონ, ვიდრე ჩამოვიდნენ და გორის ციხე გაგვტაცონ.
თუ რელიგიაა ქართველობა, არა მგონია ამერიკას (რომელსაც რატომღაც ყველაზე დიდ მტრად აღიქვამენ "ქართველობის" მედროშენი) უნდოდეს ჩვენთვის რელიგიის წართმევა, რადგან პროცენტულად ყველაზე მეტი ქრისტიანი სწორედ ამერიკაში ცხოვრობს. სხვათაშორის, ქართული ეკლესიების აღდგენაში ამერიკის საელჩომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, აგერ სულ ბოლოს გელათის რესტავრაციისათვის რამდენიმე მილიონი გაიღო.
ერთი საინტერესო ფაქტია, ის ვინც განიცდის რომ ქართველობას გვართმევენ, ხსნას მეზობელ "ერთმორწმუნე" ქვეყანაში ხედავს, რომელსაც ვგონებ ყველაზე მეტად უნდა ქართველობის წართმევა და საერთოდაც, ჩვენი ერის განადგურება. ის ამისათვის ყველაფერსაც აკეთებდა და აკეთებს. ჯერ იყო და ქართული ანბანის და ენის განადგურება სურდა, რისთვისაც წირვა-ლოცვის ქართულად ჩატარებაც აკრძალეს, ხელი შეუწყეს მეგრული ანბანის (!!!) დაწერას თადა აშორდიას მეთაურობით, ყველა სკოლაში სავალდებული გახადეს რუსული ენა და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადებასაც კი ითხოვდნენ... თუმცა რა მოხდა, მთავარია ერთმორწმუნეა.
ქართული კულტურის განადგურებაშიც სწორუპოვარი როლი უკავია რუსეთს - საეკლესიო ქონება გაიტანეს და ღმერთმა უწყის რამდენ ადგილას გადაათეთრეს უნიკალური ფრესკები. და ბოლოს, სწორედ ერთმორწმუნე მეზობელმა გაგვიუქმა ეკლესიის ავტოკეფალია და მგონი ეს სავსებით საკმარისია მათი "კეთილი ზრახვების" საილუსტრაციოდ, მაგრამ მთავარია რომ ერთმორწმუნეა.
სხვათაშორის, "ქართველობის" დამცველებისაგან ხშირად გავიგებთ ფრაზას - ქართველობა რთულია, მაგრამ აუცილებელი. მომკალით და ვერ ვხვდები, რატომ არის ქართველობა რთული და სომალელობა ან თუნდაც ნორვეგიელობა იოლი?! ან იმ ბავშვმა რა დააშავა, რომელიც კამბოჯაში გაჩნდა და აუცილებელ ქართველობას ვერ ეზიარა?!
და მაინც რა არის ქართველობა?! ჩემთვის ქართველობა ჩემი მშობლებია, რომლებსაც არავინ მართმევს. ჩემი ცოლი და ჩემი შვილია, რომელსაც ასევე არავინ მართმევს და მთლიანად ჩემი ოჯახია ჩემთვის ქართველობა და არა მხოლოდ ანბანი, კულტურა და მართლმადიდებლობა (ძმები ზუბალაშვილები და მემედ აბაშიძე არ იყვნენ მართლმადიდებლები, მაგრამ მეეჭვება მათზე დიდი ქართველი ბევრი იყოს).
საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს და ასეთ დროს არარსებულ საფრთხეებთან ბრძოლა, რესურსის და ენერგიის უაზრო ხარჯვაა, რაც თავის უარყოფით შედეგს აუცილებლად მოიტანს, ამიტომ სანამ ქართველობის დაცვას დავიწყებთ, იქნებ ნამდვილ საფრთხეებს ვებრძოლოთ.
პ.ს. ვიდრე იმ ადამიანს ან იმ ერს ვნახავდეთ ვინც ქართველობას გვართმევს, დავფიქრდეთ თავად ხომ არ ვანადგურებთ ქართველობას, მაშინ როცა ბუნებაში, ფეხზე წამომდგარი, სასმისით ვსვამთ საქართველოს სადღერძელოს, ნასუფრალს იქვე ბუნებაში ვტოვებთ და მერე ისევ ვდგებით ქართველობის სადარაჯოზე?!
ლადო გოგოლაძის ბლოგი, AMBEBI.GE