რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის "9+1" გადაღებები დასასრულს უახლოვდება. 24-დან 18 სერია უკვე გადაღებულია და ფილმი სავარაუდოდ სექტემბრიდან გამოვა ეკრანებზე.
რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა ინგოროყვა ხაინდრავას ფილმში მთავარი დეტექტივის როლს ასრულებს და გადაღებების შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში საინტერესო დეტალებს ყვება:
"ფილმი ძალიან დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. თან, ყველაფერთან ერთად, მაღალმხატვრული ღირებულების ფილმია. მუშაობა რომ დავიწყეთ, ვამბობდით, ჰოლივუდში ვართ-მეთქი შემოქმედებითი, ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. საქართველოში ასეთი პირობები საოცრებაა. გადასაღებ მოედანზე რომ მივდივარ, მიხარია.
- ციხის უმძიმესი კადრების ფილმში გადმოტანა როგორ მოხდა?
- ამის გადმოტანა მართლა ძალიან რთულია - თან სიმართლეს არ უნდა ასცდე და თან მხატვრულობა უნდა შეინარჩუნო. ჩემს პერსონაჟს არ აქვს ციხის კადრებთან შეხება, მაგრამ მე და გოგა ძალიან დავახლოვდით და მანახვებდა ხოლმე კადრებს. გეტყვით, რომ ძალიან მაგრად მოახერხა ამ კადრების ეკრანზე გადმოტანა. ძალიან საინტერესო ფილმი იქნება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც გოგა ამბობს, ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყოს ნაციონალებს და მათ მესვეურებს, არამედ, მისი მხატვრული ღირებულების გამო.
...ახლა 24-იდან დაახლოებით 18 სერია უკვე გადაღებულია და ფინიშისკენ მივდივართ. ძალიან აქტიურად მუშაობენ და, ალბათ, ფილმი პირველ სექტემბერს გამოვა. ახლა ცოტა რთული გადაღებები მაქვს, რადგან ივლისში სულ ზამთრის სცენებს ვიღებთ და, სახლშიც და გარეთაც პალტოთი, ჯემპრითა და კაშნეთი დავდივარ დილიდან საღამომდე. წარმოგიდგენიათ, მსახიობები ორ თვეზე მეტხანს იყვნენ ციხეში შესულები ციხის კადრების გადასაღებად.
მიშამ ნავთლუღში ააშენა ახალი ციხე. ბოლო წუთამდე ხომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ახალ ციხეში უამრავი მაღალჩინოსნის შეყრას აპირებდა. ცხრასართულიანი ციხე აქვს აშენებული. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იყო და კიდევ ორი იმდენის დაჭერა უნდოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ციხე ვერ მოიხმარა. გოგა ხაინდრავა ამბობდა, ჩემთვის ააშენა ეს ციხე მიშამო. გოგას უნდოდა, მსახიობები ორი თვე საერთოდ არ გამოსულიყვნენ ციხიდან, ფერიც კი პატიმრის რომ ჰქონოდათ, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან, პარალელურად, ყველას თავისი ცხოვრება და შემოქმედება ჰქონდა, თუმცა, დილიდან საღამომდე იქ იყვნენ..."
ქეთი კაპანაძე
ჟურნალი "თბილისელები"