"ცენტრ პოინტის" საქმეზე რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით, თუ მთავრობა და პროკურატურა რეალურად არის დაინტერესებული დაზარალებულების დაკმაყოფილებით, კომპანიას მშენებლობის დასრულების საშუალება უნდა მიეცეს.
ამის შესახებ ადვოკატმა დღეს დანიშნული პროცესის კომენტირებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის 10-15 მოწმე დაიკითხება, სააკაძეზე არსებული კორპუსში ბინების მფლობელები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.
"დღემდე ყველა დაზარალებულს, ვინც პროცესებზე დაიკითხა, ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, ეს იყო ბინების დასრულება. განვითარებული მოვლენების შემდეგ გვაინტერესებს რა იქნება ამ დაზარალებულების მოთხოვნა, მშენებლობები დასრულდეს, თუ სხვა პრეტენზია ექნებათ.
შეკითხვები იქნება ძირითადად იმის შესახებ, თუ რაში ცნობენ ისინი თავს დაზარალებულად, რამდენად დაზარალდნენ, რა მოლოდინები აქვთ ამ საქმეზე და ა.შ. თუ მთავრობა და პროკურატურა დაინტერებულია რეალურად დაზარალებულების დაკმაყოფილებით, ყველა შემთხვევაში "ცენტრ პოინტს" უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშენებლობები დაასრულოს. მოლაპარაკების ფონზე უნდა გაგრძელდეს ეს საქმე", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს ჰყავს მოწმეები და გააჩნია დოკუმენტაცია იმის დამადასტურებლად, რომ კომპანია თავად არის დაზარალებული სახელმწიფოს მხრიდან.
"ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე, რომლებიც ამბობენ, რომ დაკმაყოფილებული არიან სრულად და "ცენტრ-პოინტმა" შეასრულა თავისი ყველა ვალდებულება. ასევე გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს, რომ "ცენტრ პოინტი" თვითონ არის დაზარალებული სახელმწიფოს, ძველი და ახალი ხელისუფლების მხრიდან", - განმარტა ადვოკატმა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა განახლდება.