პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა საქართველოშია. მომღერალი ბათუმში 28 ივლისს, კონცერტამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა. მსოფლიო ვარსკვლავი ორმოცკაციან ჯგუფთან ერთად ბათუმში, სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა. შეგახსენებთ, მომღერალი 30 ივლისს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
მომღერალმა უკვე დააგემოვნა ქართული კერძები. ის და მისი გუნდის წევრები ბათუმურ რესტორანში მიიპატიჟეს, სადაც გემრიელი ქართული სამზარეულოს დაგემოვნებასთან ერთად, ქართული სიმღერის მოსმენის საშუალებაც მიეცათ.
აგილერას მოცეკვავეებმა ბათუმის დათვალიერებაც მოასწრეს და ინსტაგრამის პირად გვერდებზე უზიარებენ შთაბეჭდილებას ინტერნეტმომხმარებლებს.
პოპ-ვარსკვლავის მოცეკვავეები აღფრთოვანდნენ ბათუმის არქიტექტურით, "მაგიური შავი ზღვით" და "არაამქვეყნიური ქართული სიმღერით". სწორედ ასეთ შეფასებებს ვკითხულობთ ვიდეოებსა და ფოტოებზე, რომლებსაც აგილერას მოცეკვავეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
"საუკეთესო სერენადა ვახშმის ბოლოს, რაც კი ოდესმე მომისმენია... ეს ვიდეო ყველაფერს ვერ ამბობს, თქვენ იმ ოთახში უნდა ყოფილიყავით!
მათი ჰარმონიული კოლექტიური სიმღერა, საოცარი სულიერი გამოცდილება იყო. არავის გაუცნია ისინი ჩვენთვის, თუმცა ნამდვილად ვიცი, ისინი ამ სამყაროდან არ იყვნენ" - წერს ქართული სიმღერით აღფრთოვანებული ერთ-ერთი მოცეკვავე და ამის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.