საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის სახელი არაერთხელ გაჟღერდა მედიაში და ის სხვადასხვა კრიმინალურ საქმეს უკავშირდება. მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარია.
გოგოჭურის სახელი ბოლოს კიდევ ერთხელ თბილისში 5 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას დაუკავშირდა. 2018 წლის 5 დეკემბერს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მინდია გოგოჭური და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.
მინდია გოგოჭურის სახელი წინა წლებშიც არაერთხელ დაუკავშირდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს.
2017 წლის იანვარში, გოგოჭური ბალანჩივაძის ქუჩაზე მეგობართან ერთად დაჭრეს. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს და პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გოგოჭური კიდევ ერთხელ დაჭრეს 2018 წლის ივლისში. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობრებმა მიიყვანეს და გოგოჭურს ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ქვემო კიდურის მიდამოებში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები.
დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობდა.
საქმეს მაშინ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აღნიშნა, რომ მხოლოდ მედიიდან აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
„ვერაფერს მოგახსენებთ, ამ საკითხის თაობაზე მეც ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები მედიიდან გვაწვდით. უფრო დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
2016 წლის ივლისში გოგოჭური პროკურატურაში იყო დაბარებული, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.
მიხეილ თათარაშვილისა და გოგოჭურის სახელი კიდევ ერთხელ გააქტიურდა 2017 წლის მარტში, როცა პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ მის მეგობარს მიხეილ თათარაშვილს "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". ანა მარგველაშვილის გადაღებულ კადრებზე ასახული იყვნენ თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებდნენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკდნენ და აჩვენებდნენ კადრში, რომ არაფერი ჰქონდათ.
სასამართლო პროცესზე გოგოჭურმა ასეთი ჩვენება მისცა:
"ჩემი ჩვენებით დავადასტურებ იმას, რომ 15 მარტს პოლიციის მხრიდან იყო ძალადობრივი ქმედება ჩვენს მიმართ და ასევე მიხეილ თათარიშვილის მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადებას ჰქონდა ადგილი. მე დაკავებისას მასთან ერთად ვიმყოფებოდი. ეს იმითაც დავადასტურე, რომ ამოვიღე სატელეფონო ანძის ჩანაწერები. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა ლევან მაისურაძე, რომელიც ასევე მოწმის სახით დაიკითხება. იმ მომენტისთვის მის ტელეფონს იყენებდა მიხეილ თათარიშვილი.
პოლიციამ დაუშვა შეცდომა, როცა ის ტელეფონი ეგონა მიხეილ თათარიშვილის, წაიღეს ექსპერტიზაზე და ინახება პოლიციაში. რეალურად, ეს ტელეფონი იყო ლევან მაისურაძის და ამას ადასტურებს ყველა დოკუმენტი. მეტი რა დარღვევა უნდა გამოიკვეთოს, როცა ადამიანს საერთოდ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია და 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს? ისე გამოგვიყვანეს, თითქოს 10 კაცი გვყვავდა დახოცილი, გადაგვიგრიხეს ხელები, გინება, ყვირილი, დანა დაადეს მიშოს, ყელში ხელი მოუჭირეს. მიშო იქიდან მიყვიროდა - დანას მადებენ, მიშველე, მე კი აქეთ ვიყავი განეიტრალებული, ვერ მივდიოდი მიხეილ თათარიშვილამდე. მანქანაში ჩატენეს და გააქრეს", - განაცხადა პრეზიდენტის სიძემ.
რამდენიმეთვიანი პროცესების შემდეგ, მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გოგოჭურის სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტში გაიჟღერა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო. ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.
კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.
სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.
ბრალდებას მოგვიანებით უპასუხა თავად მინდია გოგოჭურმაც.
"ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა.
მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მაკა ჩიჩუას ქალიშვილი მოდური თავსახვევებით პოზირებს (+14 ფოტო)