საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მონაწილეობით ზეწოლის განხორციელების მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.
"ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, "რაღაცის" იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საუბარია პრეზიდენტის ერთ-ერთ სიძეზე.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებენ. უწყებების ინფორმაციით, სიტუაციაში გაერკვევიან და მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან. უწყებებში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, პრეზიდენტის ოჯახის რომელი წევრის სახლში და რა მიზეზით ჩატარდა ჩხრეკა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტს ორი სიძე ჰყავს. ერთ-ერთი მისი ქალიშვილის - ანა მარგველაშვილის მეუღლე გიგი ჩიჩუაა, ხოლო მეორე პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი მინდია გოგოჭური.
გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებს სკანდალურ საქმეებში. მისმა სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტში გაიჟღერა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.
კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.
სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.
"ზუკა მოკლა დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ (რომლის ბიძაშვილიც არის კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე, სოსო ჯოხაძე არის იუსტიციის მინისიტრის, თეა წულუკიანის მეგობარი) და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სიძემ მინდია გოგოჭურმა. მინდია გოგოჭური არის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი. მარგველაშვილი მას მოიხსენიებს, როგორც შვილობილს სხვადასხვა ინტერვიუში", - განაცხადა თამილა კოჭლამაზაშვილმა 2013 წლის სექტემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრალდებას მოგვიანებით უპასუხა თავად მინდია გოგოჭურმაც. "ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.