საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ცვლილებებს გეგმავს. ამისთვის პარლამენტში სპეციალური კანონპროექტიც შევიდა, თუმცა ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ პროექტი განსახილველად მომავალ პარლამენტს დაუტოვა.
ამასთან, მთავრობამ უკვე დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გზებზე არსებული პრობლემების, მათ შორის ერთი და იმავე მონაკვეთზე მომხდარი ავარიების საკითხების მოგვარებაზე იმუშავებს. თუმცა, სანამ აღნიშნული სტრატეგია ამუშავდება, მანამდე პრობლემები, რომლებიც გზებზე რჩება და ავარიებსაც იწვევს, კვლავ საპატრულო პოლიციისა და კეთილსინდისიერი მძღოლების მხრებზეა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ, ეხება საგზაო კამერებს - რომ ისინი გაუმართავია და შესაბამისად, მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას არ ერიდებიან.
რას მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, როდიდან ამუშავდება ის და მანამდე რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს შსს - აღნიშნულ საკითხებზე AMBEBI.GE შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს ესაუბრა.
"მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ყველაფერს: როგორ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ავტოპარკის მიმართულებით როგორია მთავრობის ხედვა, მის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. ჩვენი კანონპროექტი მხოლოდ ერთი ნაწილია ამ სტრატეგიისა, ანუ ეხება რეგულაციებს, ადმინისტრირებას და ა.შ. ახლა იქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელმაც ეს სტრატეგია უნდა აამუშავოს. ამ კომისიის ფორმირება რეალურად ახლა მიმდინარეობს.
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ აქამდე, წლების განმავლობაში, არ არსებობდა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც დაარეგულირებდა ამ ყველაფერს, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე თუ რა ხდება გზებზე, ინფრასტრუქტურის ნაწილში, საგზაო ნიშნების მხრივ და მათ შორის უსაფრთხოებაზეც. ახლა ეს პრობლემა გადაწყდა, იმიტომ რომ ამ სტრატეგიის მიღების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო განისაზღვრა წამყვან უწყებად. შსს არის უწყებათაშორის ჯგუფში და ადმინისტრირებაზე ვართ პასუხისმგებელი, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებს ვერ დააგებს და ამას ვერ დაგეგმავს, მაგრამ აკონტროლებს წესების შესრულებას. პრობლემა, რომელიც წლებია არსებობდა, ნაწილობრივ გადაიჭრა, თუმცა წინ დიდი სამუშაოა, იმისთვის რომ ეს სტრატეგია ამოქმედდეს.
- ანუ სანამ უწყებათაშორისი კომისია არ შეიკრიბება და ღონისძიებებს არ დაგეგმავს, მანამდე აღნიშნული სტრატეგია არ ხორციელდება?
- როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტება. სტატეგიიდან გამომდინარე, ყველა უწყებას ექნება თავისი ამოცანა. როგორც კი კომისია დაკომპლექტდება, სტრატეგიაც ძალიან მალე ამოქმედდება.
- რამდენი ხანი მუშავდებოდა ეს სტრატეგია?
- ეს სტრატეგია თითქმის ორ წელზე მეტი მუშავდებოდა. მის შემუშავებაში ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციები და ძალიან ბევრი უცხოელი ექსპერტი. საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. მთავარი უწყება იქნება ეკონომიკის სამინისტრო. ტექდათვალიერების, საგზაო ინფრასტრუქტურის თემები, რეგულაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები მათი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება და ასევე მათ ექნებათ კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რადგან დღეს საქართველოში ყველა თვითმმართველობას, თავად შეუძლია საგზაო ნიშნების განთავსება და რეგულაციების დადგენა, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის, რადგან ჩვენი მონაცემებით ზოგან საგზაო ნიშნები არასწორადაა განთავსებული, მათ შორის თბილისში.
წლის ბოლოსთვის შსს-ს ექნება საქართველოს მასშტაბით ყველა საგზაო ნიშნის მონაცემი, რამდენად სწორადაა ის განთავსებული და გვექნება საერთო სურათი. ამის შემდეგ მოხდება შედარება იმ წერტილებთან, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარია და ამის მიხედვით იქნება რეკომენდაციები შემუშავებული.
- რამდენიმე თვის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება. რა კეთდება საიმისოდ, რომ ავარიებისა და შესაბამისად, მსხვერპლის რიცხვი შემცირდეს? იქნება ეს გაძლიერებული პატრულირება, თუ კიდევ სხვა სახის ღონისძიებები, მით უფრო რომ ზაფხულის სეზონია და ავტობანზე ავტომანქანების ნაკადი გაზრდილია.
- ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროკავშირში ამ მხრივ, თუ მონაცემები არ შეცვლილა, აქვს ლატვიას და მათზე 1.5-ჯერ ცუდი მონაცემები გვაქვს ჩვენ, თუ მეტი არა. ევროპას რომ არ შევედაროთ და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რომ ვისაუბროთ, აქაც სამეულში შევდივართ. ეს სამწუხაროდ არის ჩვენი რეალობა. რაც შეეხება იმას, თუ რა კეთდება - პირველ რიგში საპატრულო პოლიციას გამკაცრებული აქვს ადმინისტრირება, რაც რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება. ერთი არის თვითონ გზებზე უფრო მეტი კონტროლი და არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე დისკრეციის ფარგლებში მკაცრი რეაგირება. გარდა ამისა, ნასვამობაზე ადრე უფრო ხშირად იყენებდნენ მართვის მოწმობის ჩამორთმევის ჯარიმით შეცვლის დისკრეციას. ახლა კი ამ მიმართულებითაც უფრო მკაცრი კონტროლია.
გარდა ამისა, ჩვენ პარლამენტს მივმართეთ და შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტას, მათ შორის, მოქალაქეთა ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხითაც, რათა ყველა უფრო მეტად მოფრთხილებოდა საკუთარ მართვის მოწმობას და შესაბამისად დაეცვა მოძრაობის წესები. ასევე, ადმინისტრირების ნაწილში ეს პროექტი ახალ მექანიზმებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა უკონტაქტო პატრულირება, ქულათა სისტემა, გადასატანი რადარები, კამერები და ა.შ. თუმცა, ამის მიღება სამწუხაროდ იმ გარკვეული რეალობიდან გამომდინარე რაც პარლამენტში იყო, ვერ მოხდა. არა იმიტომ, რომ კანონპროექტს პარლამენტში მხარდამჭერები არ ჰყავდა. გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით მოხდა კამერების ხელახალი აღწერა - რა კამერები გვაქვს, იქიდან რომელია ვარგისი და რომელი არა....
- შედეგები როგორია?
- გარკვეული რაოდენობა კამერების არის, თუმცა დამატება საჭიროა. ახლა მიმდინარეობს ვიდეოანალიტიკის შეძენის პროცედურა. რამდენიმე კომპანიაა ჩამოსული და მიდის ტესტირების პროცესი, ანუ ყველა კომპანია გვაჩვენებს თავის შესაძლებლობას. ეს არის ყველაზე საუკეთესო ვიდეოანალიტიკური პროგრამები, მოძრაობაზე გათვლილი. ჩვენ ვცდილობთ შევიძინოთ ყველაზე საუკეთესო ვიდეოანალიტიკა, რასაც ნიუ-იორკის, ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს დაახლოებით იგივე პროდუქტია ჩამოტანილი ჩვენთან. იქ, სადაც კამერები მოძველებული იყო ან არ მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ ყენდებოდა, იქ განთავსდება ახალი კამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა. ეს კამერები იქნება აღჭურვილი ვიდეოანალიტიკით.
რა არის ვიდეოანალიტიკა - როდესაც მძღოლი მოძრაობის წესებს დაარღვევს აღარ იქნება საჭირო ვიზუალურად ჩვენი თანამშრომლების მიერ ყურება და ამის ხელით დაფიქსირება. ამას უკვე სისტემა გააკეთებს, პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე, და მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს და ის არ დაჯარიმდება.
- ამის პროგრამა უკვე არსებობს? ალგორითმი უკვე დაწერილია?
- ალგორითმის დაწერას, მის დატესტვას და ა.შ. დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ვარჩიეთ შევიძინოთ კომპლექსური პროგრამა. ეს ეხება ასევე უსაფრთხოებასაც, მათ შორის მიტოვებულ ნივთებს, ტერორისტულ საფრთხეებს და ა.შ. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის ადმინისტრირების ეფექტურობას და ვფიქრობთ, უკვე შემოდგომიდან ეს პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გვექნება დამონტაჟებული. შევიძენთ ისეთ ვიდეოანალიტიკურ პროგრამას, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს რეალობას და რომლის ფასიც უფრო მეტად იქნება მისაღები.
- კამერების ზომები როგორია? ვინაიდან მძღოლების უმეტესობა ხედავს მათ და იცის სადაა დამონტაჟებული
- ზუსტად არის თავსებადობა. ჩვენ ამ შემთხვევაში ამოვდივართ იქიდან, რომ არსებული კამერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიისაა, რამდენად თავსებადია ამ პროგრამასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, საუკეთესო სტანდარტი დავნერგოთ. რაც უფრო მეტი კამერა იქნება, იქ ადამიანური ფაქტორი მთლიანად გამორიცხულია.
ამ პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა დროში უნდა დაფაროს ის მძღოლმა საშუალო სიჩქარით, ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და შეანელა, ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს, მანძილი იქნება რაციონალური. ეს მექანიზმი ძალიან ეფექტურია. ჩვენს ლატვიელ კოლეგებთან გავიარეთ კონსულტაციები, რადგან მათაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. მათ ერთ-ერთი მეთოდი პრევენციისთვის სწორედ ეს მექანიზმი გამოიყენეს და როგორც გვითხრეს, ამან დაახლოებით 50%-იანი პრევენცია მისცათ.
- სიჩქარის გადაჭარბებას შევეხები. თავის დროზე ამ დარღვევაზე არსებული ჯარიმები შემცირდა. დღეს ეს ჯარიმა 50 ლარია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო და თუ გეგმავს შსს აღნიშნული ჯარიმა გაზარდოს?
- ჩვენ ამის ანალიზიც გავაკეთეთ და პარლამენტში ინიცირებულ პროექტში გათვალისწინებულია დიფერენცირებული მიდგომა, ანუ თუ დაშვებულ სიჩქარეს და გადაჭარბების მაქსიმალურ ზღვარს ანუ დამატებით 15 კილომეტრს ოდნავ გადაამეტებ, დაჯარიმდები იმ ოდენობით, რაც დადგენილია. მაგრამ თუ გადაჭარბება ძალიან დიდია და ვთქვათ, სადაც დასაშვები სიჩქარე არის 60 კმ/სთ და მიდიხარ 100-ით, მაშინ ჯარიმის ოდენობა გაცილებით დიდია და 200 ლარამდე აღწევს.
წინა ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ არსებობდა ყველას მიმართ ძალიან მკაცრი სანქცია და ადამიანები, ვინც მაგალითად, 15 კილომეტრს 1 კილომეტრით გადააჭარბებდნენ ისინიც მკაცრად ისჯებოდნენ და ისინიც, ვინც ძალიან ჩქარა დადიოდნენ. იმ ანალიზით, რომელიც გაკეთდა, კერძოდ ძალიან მკაცრი და შერბილებული სანქციების პერიოდების ანალიზის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯარიმები ყოფილიყო დიფერენცირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება ესაა. ვნახოთ რა რას მოგვცემს პრაქტიკა, რადგან დიფერენცირებული მიდგომა საქართველოსთვის სიახლეა და იმის მიხედვით გამოჩნდება, გასაზრდელია თუ არა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე.
- სანამ პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია შსს-ს მიერ, მანამდე თუ გაქვთ რაიმე მექანიზმი ან ბერკეტი იმისა, რომ გარკვეული ინიციატივებით მიმართოთ საკანონმდებლო ორგანოს და რეგულაციები დაჩქარებული წესით იყოს მიღებული, თუნდაც სექტემბერში, ამ მოწვევის პარლამენტის მიერ?
- კამერების განთავსება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შესაძლებელია და არ მოითხოვს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს. სექტემბერში პარლამენტი კანომდებლობიდან გამომდინარე რეგულარულად არ შეიკრიბება. ვადებიდან გამომდინარე ახალი პარლამენტი როგორც კი შეიკრიბება, ამაზე უნდა იმსჯელოს ყველა შემთხვევაში. ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც იდგება, რადგან პრობლემა რეალურია. წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ციფრი, 600 ადამიანი დაახლოებით 6-7-ჯერ აღემატება მკვლელობების ციფრს და თუკი მკვლელობებზე საზოგადოების აღშფოთება და რეაქცია ძალიან მაღალია და ვფიქრობ, აბსოლუტურად ჯანსაღი, რატომღაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის.
- რამდენჯერმე ახსენეთ სახიფათო მონაკვეთები და ე.წ. შავი წერტილები. როგორც ვხვდები გაქვთ გარკვეული ინფორმაცია ამ მონაკვეთებზე. ამჟამად თუ არის ამ გზებზე ან მონიტორინგი ან გახშირებული პატრულირება? რა პრევენციულ ღონიძიებებს აწარმოებენ სამართალდამცველები?
- პერიოდულად ახლდება ხოლმე ეს ინფორმაცია, თუ სად არის ყველაზე მეტი საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით არ ვანახლებთ. პერიოდულად ხდება სკოლების გამოკითხვა, განათლების სამინისტროს. ამის პრევენცია არის ის, რომ არსებული საპატრულო მანქანები, იმ ადგილებში სადაც ისინი პატრულირებენ, უფრო მეტად ყურადღებით არიან როგორც წესი, არსებული რესურსების ფარგლებში. გარდა ამისა, ახალი კამერები იქ დამონტაჟდება.
თუმცა, კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და საპილოტე რეჟიმში უკვე დაწყებულია, მაგრამ ძალიან ცოტა ადგილებს ფარავს, ეს არის ქვეითი პატრულირება. ვფიქრობთ იგივე სკოლებში, სადაც სახიფათო გადასასვლელებია, ასეთი ტიპის პრევენცია უნდა იყოს გატარებული. ჩვენ ამის პლიუსებს და მინუსებს დაახლოებით შევაჯამებთ. გვინდა რომ ამერიკელ ექსპერტებთანაც გავიაროთ კონსულტაცია იმისთვის, რომ რესურსები არასწორად არ გამოვიყენოთ და ერთ-ერთი ინსტრუმენტი პრევენციისა ასეთ მონაკვეთებზე, რომლებიც ქვეითთა გადასასვლელებს უკავშირდება, ქვეითი პატრულირება იქნება.
- რაც შეეხება შსს-ს მიერ წარმოებულ კამპანიას, "შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის", რამდენად ეფექტურია ის და რა შედეგები მისცა უწყებას, თუნდაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში?
- ამ კამპანიის ძირითადი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო შემთხვევების პრევენციაა. საზოგადოებაში უნდა დაინერგოს კულტურა - დაიცვან კანონი და საგზაო მოძრაობის წესები. თავად კამპანიის სლოგანიც და ლოგო შეიქმნა იდეით: საგზაო ნიშნები იცავენ ჩვენს გულს - სიცოცხლეს. ჩვენ გვინდა, ვუთხრათ თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია პრევენცია, ჩვენ უნდა ავირიდოთ ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც ხდება. ამ შემთხვევაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან პრინციპულია და ამიტომ დავიწყეთ ეს კამპანია.
მოხარული ვარ, რომ კამპანიაში ჩაერთო ყველა - საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობოები, მედია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, კერძო სექტორი... განხორციელდა ბევრი აქტივობა, მათ შორის: სკოლებში კონკურსები და შემეცნებით-ინტერაქტიული გაკვეთილები, ტელე და რადიო გადაცემები, სარეკლამო რგოლები და ა.შ. როგორც ჩანს, საზოგადოებაში იყო ამ კამპანიის მოლოდინი და ამიტომ მივიღეთ ასეთი ჩართულობა.
გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე ჩვენი პატრულ-ინსპექტორები დადიოდნენ სკოლებში და საგზაო უსაფრთხოების თემაზე ბავშვებს ინტერაქტიულ-შემეცნებით გაკვეთილებს უტარებდნენ. სექტემბრიდან ეს გაკვეთილები გაგრძელდება, ასევე, ვიწყებთ პროგრამას და გვინდა ამასაც სისტემური სახე მიეცეს, როდესაც საპატრულო პოლიციის, სახანძროს, სამაშველოს, სასწრაფო დახმარებით წარმომადგენელი სკოლაში მოყვებიან საკუთარ პროფესიაზე. მოქალაქის აღზრდა ბაღიდან და სკოლიდან იწყება. ის, რა ვითარებაც დღეს გვაქვს, როცა ადამიანები ასე მასშტაბურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, ვფიქრობ, თავის დროზე ამ მიმართულებით განათლების დეფიციტის ბრალია.
- ბევრი ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას მარტივია მართვის მოწმობის აღება და ბევრი მოწმობას იღებს ისე, რომ არ არის მზად ქალაქში, გზებზე სასიარულოდ. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება თუ არა რომ გამკაცრდეს ან დაიხვეწოს?
- ჩვენ არათუ შესაძლებლობას განვიხილავთ, არამედ ვალდებულება გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ მართვის მოწმობის აღების გამოცდის დახვეწა უნდა მოხდეს. ვფიქრობთ, 2017 წლის მეორე ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს-ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. ორი-სამი ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტი არის ამ მხრივ. ვფიქრობთ, გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში.
განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ერთი არის რომ ქალაქის პირობებში გარკვეული ქუჩები აღიჭურვოს იმ ინფრასტრუქტურით რაც საჭიროა, თუმცა ეს ძალიან ძვირი პროექტია. არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის ეს შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება.
ესაუბრა თორნიკე კოშკაძე