მიუნხენში მცხოვრები ბათუმელი მეგი ჩერქეზიშვილი გუშინდელი თავდასხმის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მეგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა, 18:50 საათისთვის სავაჭრო ცენტრში, სადაც ის მუშაობს, შევიდა შეტყობინება, დაკეტილიყო მაღაზიები. ჩერქეზიშვილის განმარტებით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი წარმოადგენს ფილიალს იმ სავაჭრო ცენტრის, რომელშიც გუშინ თავდასხმა განხორციელდა და მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან ძალიან ახლოს. მეგი ჩერქეზიშვილის თქმით, 5 საათის განმავლობაში 300-მდე ადამიანი სავაჭრო ცენტრში იყო ჩაკეტილი უსაფრთოების მიზნით.
"საღამოს, 7-ს აკლდა რამდენიმე წუთი ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, რომ სასწრაფოდ დაგვეკეტა მაღაზიები. რამდენიმე წუთში დაიწყო პანიკა, ხალხი შემოვარდა სავაჭრო ცენტრში. წამებში უკვე ქუჩებშიც შეუძლებელი გახდა გადაადგილება, იმიტომ, რომ არეულობამ სატრანსპორტო საშუალებების პარალიზება გამოიწვია. 8-ის წუთებზე დაიკეტა სავაჭრო ცენტრი. 300 ადამიანი მაინც ვიქნებოდით შენობაში ჩაკეტილები.
გვაფრთხილებდნენ, რომ ადგილზე უნდა დავრჩენილიყავით ჩვენივე უსაფრთხოების გამო. იყო ინფორმაცია, რომ სამი ტერორისტი ახორციელებდა სროლებს, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი იყო. რასაც ფანჯრებიდან ვხედავდი, 5 საათის განამვლობაში მიუნხენის ცენტრში გადაადგილება შეუძლებელი იყო. გავიგე, რომ 2 300-ზე მეტი პოლიციელი აკონტროლებდა ქუჩებში სიტუაციას. სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეებიდან პატარებთან ერთად მყოფი დედები პანიკაში ჩავარდნენ, რეკავდნენ და შველას ითხოვდნენ. ასაკოვანი ხალხიც ძალიან შეშინებულნი და შეწუხებულნი იყვნენ. ღამის პირველ საათის შემდეგ უკვე სიტუაცია განეირტალდა და დაგვრთეს ნება დაგვეტოვებინა შენობა. დღეს სიმშვიდეა მიუნხენში. ერთადერთი ისაა, რომ ხალხი არ მოძრაობს ქუჩაში. მოვედი სავაჭრო ცენტრში, სამსახურში, მაგრამ ძალიან ცოტა ხალხი შემოდის", - აღნიშნა მეგი ჩერქეზიშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტი განახორციელა 18 წლის ბიჭმა.
"ტერორისტის ოჯახის მეზობლად მცხოვრებმა თქვა, რომ 18 წლის ბიჭი, მშობლებთან და 12 წლის ძმასთან ერთად ტერაქტის ადგილიდან ახლოს, ავტოსადგურთან ცხოვრობს. მამა ტაქსის მძღოლია, ხოლო დედა დიასახლისი. ირანული წარმომავლობის ოჯახია. მშობლებიც შოკში არიან მომხდარის გამო და ტერორისტებთან მათი შვილის კავშირს გამორიცხავენ. როგორც ვიცი, სროლების შედეგად გარდაცვლილია 9 ადამიანი" , - აღნიშნა მეგი ჩერქეზიშვილმა, რომელიც მიუნხენში სწავლობს და მუშაობს.