კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა. სპორტსმენების თქმით, ოლიმპიური თამაშების წინ პატრიარქის დალოცვა ტრადიციაა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პატრიარქის კურთხევა, დალოცვა და ასე წასვლა ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ყოველთვის ტრადიციაა და ყოველთვის ფეხბედნიერი იყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქიის კურთხევაა", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი სპორტსმენი სულ 13 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.
ბატუტზე ხტომაში საქართველოს ღირსებას ლუბა გოლოვინა დაიცავს. ბერძნულ რომაული ჭიდაობაში: შმაგი ბოლქვაძე, ზურაბ დათუნაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი, იაკობ ქაჯაია; თავისუფალ ჭიდაობაში: ვლადიმერ ხინჩაგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი, იაკობ მაქარაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი.
კანოეში: ზაზა ნადირაძე. მშვილდოსნობაში: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟენიძე. მძლეოსნობაში: დავით ხარაზიშვილი, ბაჩანა ხორავა, ბენიკ აბრამიანი, ლაშა თორღვაძე, ვალენტინა ლიაშენკო. მხატვრულ ტანვარჯიშში: ხათუნა ფაჟავა.
პირველად ისტორიაში, ერთ ოლიმპიურ დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს დედა-შვილი. კერძოდ, ტყვიის სროლაში საქართველოს ღირსებას ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი დაიცავენ. ფარიკაობაში: სანდრო ბაზაძე. ძალოსნობაში: ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე. ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცურვაში: ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი.
ძიუდოში კი ოლიმპიური მედლების მოპოვებას ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ეცდებიან. გოგონებში კი აღნიშნულ სახეობაში საქართველოს სახელით ესტერ სტამი გამოვა.