"კამერებიდან ჯარიმები არ მოდის და გზებზე აღვირახსნილი მოძრაობაა, რომელიც ჰგავს ომს!" - ავარიების მიზეზები, რასაც ყოველწლიურად 600 ადამიანი ეწირება

"კამერებიდან ჯარიმები არ მოდის და გზებზე აღვირახსნილი მოძრაობაა, რომელიც ჰგავს ომს!" - ავარიების მიზეზები, რასაც ყოველწლიურად 600 ადამიანი ეწირება

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება და საქართველო ამ მაჩვენებლით "მოწინავეთა" რიგებშია ევროპაში. ხშირად ავარიების მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, მძღოლის დაუდევრობა, ან არაფხიზელი მდგომარეობა.

რაც უნდა იყოს მიზეზი, ნებისმიერ შემთხვევაში, დასაკარგი ადამიანები ქვეყანას არ ჰყავს და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს მძღოლმაც, გზის დამგებმაც და შესაბამისმა უწყებამ, ვისაც გზებზე უსაფრთოების გაძლიერება ეხება.

ეს თემა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია მოხდა: ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას ემსხვერპლა სამი ადამიანი, ოთხი - მძიმედ დაშავდა.

AMBEBI.GE ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს - დავით მესხიშვილს ესაუბრა:

- ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილ-დაშავებულების რაოდენობის მიხედვით, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. 2015 წელს კი ჩვენზე წინ მყოფ ქვეყნებს - რუსეთსა და სომხეთს გადავასწარით. ეს დიდი და კატასტროფული მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არაერთგზის გვქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, ვერ მოვახერხეთ რაიმე კონკრეტული წინსვლისთვის მიგვეღწია.

- ძირითადად რა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევევის მიზეზი?

- რამდენიმე მკვეთრად გამოხატული მიზეზი არსებობს: სიჩქარის გადაჭარბება გზებზე, ნასვამი პირები საჭესთან და არასწორი მანევრირება. სამწუხაროდ, შშს-ს ამასთან დაკავშირებით არ აქვს სრულყოფილი სტატისტიკა, ვინაიდან ნახევარ შემთხვევებზე მითითებულია "და სხვა". ეს "და სხვა" რა არის, რა მიზეზებია, ამის ანალიზი არ არის გაკეთებული.

ასევე წაიკითხეთ: "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ" - ქუთაისი-სამტრედიის გზის გაუმართავობის ბრალდებას გზების დეპარტამენტი პასუხობს

პრობლემების სათავეა ის, რომ არ გვაქვს საგზაო შემთხვევების სტრატეგია, გეგმა, ხედვა, ანუ ეს მიმართულება როგორ უნდა განვითარდეს. სამწუხაროდ, ამაზე დღეს არავინ მუშაობს. არადა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, ექსპერტმა, ქალბატონმა ჯინი გრინმა კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც, სამოქმედო გეგმა დადო. გაოცებას გამოთქვამდა, რომ ერთადერთი ქვეყანა ხართ, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე სტრუქტურა არ არსებობსო. მისი პირველი რეკომენდაცია გახლდათ ის, რომ უნდა გვქონოდა რამე გაერთიანება, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე იმუშავებდა. სამწუხაროდ, არც ამ მხრივ იქნა ნაბიჯი გადადგმული.

ეკონომიკის სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით თითქოს რაღაც პროგრამაზე მუშაობდა, მაგრამ არც ის იქნა მიღებული. ამასთან, საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი პროგრამა შსს-მ შეიმუშავა, სადაც სანქციების გამკაცრებაზე იყო ლაპარაკი, რასაც მხარს ნაწილობრივ ვუჭერდით, მაგრამ ის პარლამენტში "გაიჭედა" და ახლაც იქ დევს.

- როგორც ჩანს, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად ეს თემა არ განიხილება...

- ასეა და არც ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილთა საკითხიც, რაც ჩემთვის გაუგებარია, - რატომ არ არის ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, როცა ამ შემთხვევებით, ყოველწლიურად 600-ზე მეტ ადამიანს ვკარგავთ, 10.000-ზე მეტი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს. ვიმეორებ, ვერ მოვახერხეთ, ეს საკითხი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი გამხდარიყო. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ ყურადღება მიაქციონ?!

- კონკრეტულ ავარიაში, სადაც ამდენი ადამიანის ტრაგედია ერთმანეთს დაუკავშირდა, სიჩქარის გადაჭარბება სახელდება და იქნებ გადაჭარბებულ სიჩქარეზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ.

- ავტოსაგზაო შემთხვევა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ სიკვდილიანობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი არსად არ არის, როგორც ჩვენთან, რადგანაც მოძრაობენ ძალიან სწრაფად.

- მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალზე 90-110 კმ/სთ-შია დაშვებული.

- მაგალითად, რომ ავიღოთ მიკროავტობუსი, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 80 კმ/სთ-ს. თუმცა ვიცით, რომ ისინი ყველაზე სწრაფად დადიან (140-150-ით და ა.შ.) ამას ემატება (საქალაქთაშორისო თუ სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებზე) კორუფცია ტესტცენტრებში (სადაც ტექდათვალიერებას გადის მიკროავტობუსები), ამ დათვალიერებას ის მიკროავტობუსები გადიან, რომელთა წონა 3500 კგ-ს აღემატება.

- ტესტცენტრებში კორუფციაში რას გულისხმობთ?

- იქ გზებზე ნებართვას ისეთ მიკროავტობუსებს აძლევენ, რომლებიც არა თუ კომფორტულია, სიცოცხლისთვის არის საშიში.

მდგომარეობას ასევე ძალიან ართულებს საპატრულო პოლიციის მიერ ლოიალური, რბილი დამოკიდებულება, მის თვალწინ არღვევ და არ რეაგირებს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს იზრდება დაუსჯელობის სინდრომი. მოკლედ, მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენს გზებზე ხდება, იმდენად უმართავია, რომ დაემსგავსა ომს!

- საბოლოოდ, რა შეაჩერებს ამ შემთხვევების ასეთი კატასტროფული მასშტაბით ზრდას?

- რაც ექსპერტებმა გვირჩიეს, ის უნდა გავითვალისწინოთ, უნდა დაიგეგმოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც პრევენციული ღონისძიებები იქნება გათვალისწინებული. ამასთან, საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, არის ადგილები, სადაც ერთ კონკრეტულ ადგილზე თვეში 100 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. ასეთ დროს ჩვენთან რა ხდება, - ადგილზე გადის საპატრულო პოლიცია და აჯარიმებს მძღოლს. არადა, ერთხელ ხომ უნდა დაინტერესდეს, რატომ ხდება იქ ამდენი შემთხვევა, ხომ არ შეიძლება, სულ მძღოლის ბრალი იყოს?! ე.ი. ის კონკრეტული ადგილი განსაკუთრებულ შესწავლას საჭირიებს... მძღოლიც იყო დასასჯელი, მაგრამ ის, რომ სიტყვაზე, მიკროავტრობუსში სათანადო რაოდენობით ადგილები არ იყო, ხალხი ფეხზე იდგა, ზოგი "ტაბურეტკაზე" იჯდა, მანქანა ავტოსადგურიდან ტექნიკურად გაუმართავი გავიდა, მძღოლი არ იყო ჯანმრთელად, - ამ შემთხვევების კომპლექსური შესწავლა არ ხდება. ამიტომ, ასეთი მიდგომები უკვე ძალიან ჩამორჩენილია.

- ახალგახსნილი მაგისტრალი, სადაც აღნიშნული საზარელი ავარია მოხდა, არის თუ არა დასრულებული და აკმაყოფილებს თუ არა ყველა ნორმას?

- ჩვენთან გზები საერთოდ სახელდახელოდ და ნაწილ-ნაწილ იხსნება, როგორც წესი, დაუსრულებელ ფორმაში, არ არის დახაზული, ან არ არის განათებული. ეს ერთ-ერთი პრობლემათაგანია, რადგანაც გზა დასრულებული ფორმით უნდა გაიხსნას. მოკლედ, ვიმეორებ, არ გვაქვს პრევენციული ღონისძიებების სტრატეგია და ამასთან, საპატრულო პოლიცია რბილ დამოკიდებულებას იჩენს და ეს იცით, რატომ? წინასაარჩევნოდ მძღოლები არ გავაღიზიანოთო. ამის ხარჯზე კი საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება.

4 წელია, სახელმწიფო უწყებებში შეხვედრებზე დავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ მწვავედ დავაყენეთ ტექნიკური დათვალიერების თემა, ასევე სანქციები და არაერთი საკითხი, 2012 წლიდან არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა არც მიზეზი და არც ტრავმირებულ ადამიანთა ბედი.

- ამბობენ, რომ ვიდეოკამერები გამორთულია და ამის მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდი სახელდება...

- ვიდეოკამერები ცალკე პრობლემაა, არა თუ ახალ გახსნილ გზაზე, ჩემი ინფორმაციით, მთელ მაგისტრალებზე გამორთულია, პრაქტიკულად, კამერებიდან ჯარიმები აღარ მოდის და გზებზე არის აღვირახსნილი მოძრაობა, რომელიც ძალიან ჰგავს ომს!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი