რუსეთი არ მიჩნევს აუცილებლად, ამ ეტაპზე, საქართველოს და სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებას უპასუხოს, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ ყირიმთან დაკავშირებით. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
"რუსეთი ამ ნაბიჯს არ აღიქვამს როგორც მეგობრულს, მაგრამ, ამავდროულად, საჭიროდ არ მიჩნევს, ამ ეტაპზე, ავტრომატურად მიიღოს საპასუხო ნაბიჯები", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა. პუშკოვის თქმით, საქართველოსა და რიგი სახელმწიფოების მიერთება ყირიმის საწინააღმდეგო სანქციებზე, მხოლოდ სინანულს იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძულის სასიცოცხლო ფუნქციებზე, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს არ იმოქმედებს.
"უპირველეს ყოვლისა, ეს პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც უმეტესწილად, ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, დასავლეთთან ერთობის დემონსტრირებისთვის, რომელიც ამ სანქციების ინიციატორად გამოდის", - განაცხადა პუშკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთი მომართულია საქართველოსთან ურთიერთობის ეტაპობრივად ნორმალიზებისთვის. "იქ არიან ძალები, რომლებიც ამაში არიან დაინტერესებულები - ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე ადამიანური ფაქტორის თვალსაზრისით", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის უკეთესი საფუძველი შეიქმნება, მათ შორის პარლამენტთაშორის კონტაქტებისთვის, რომლებიც, პრაქტიკულად, გაყინულია.
"ბოლო დროს, ქართველ პარლამენტარებთან ურთიერთობისას, საერთაშორისო მოედნებზე, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული პოტენციალი ჩვენი საპარლამენტთაშორისი ურთიერთობების გასაახლებლად არსებობს და რუსეთი ამისთვის მზადაა", - განაცხადა პუშკოვმა. მისი თქმით, მის კომიტეტს რაიმე სახის განცხადების გაკეთება საქართველოს მიერ ყირიმის სანქციებთან მიერთების შესახებ არ აქვს დაგეგმილი "იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა ნაბიჯები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და არა პირიქით - გასაუარესებლად".