"უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთულია" - თამთა გოდუაძის დედის გულახდილი ინტერვიუ

"უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთულია" - თამთა გოდუაძის დედის გულახდილი ინტერვიუ

მოგეხსენებათ, საბერძნეთში ძალზე პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი ქართველი მომღერალი - თამთა გოდუაძე წელს ბერძნული "იქს-ფაქტორის" ერთ-ერთი მენტორი გახლდათ. ამ პროექტის შესახებ, ასევე - თამთასა და მისი ოჯახის სხვადასხვა ცხოვრებისეულ დეტალზე სასაუბროდ, მომღერლის დედას - დარეჯან ბუცხრიკიძეს საბერძნეთში დავუკავშირდით...

- მყავს ორი შვილი - თამთა და ლადო, ახალშეძენილი რძალი (ლადოს მეუღლე) - სალომე, რომელსაც შვილად მივიჩნევ და ერთადერთი და განუმეორებელი შვილიშვილი - ანი. თამთა 1981 წელს შემეძინა. პირველი შვილი გახლავთ და მისი აღზრდა მარტოს მომიხდა. მინდა, რომ როინ ჩხიკვაძის ოჯახს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რომელიც თამთას დაბადების დღიდან გამიწიეს....

- თამთამ მუსიკალური ნიჭი როდის გამოავლინა?

- პატარობიდანვე "მზიურის" სიმღერებს ვასმენინებდი. წლინახევრისამ ლაპარაკი ჯერ კარგად არ იცოდა, მაგრამ როცა ჩემი რძალი, "მზიურის" მომღერალი - ხათუნა საბაშვილი უმღეროდა, შესანიშნავად აჰყვებოდა ხოლმე. თამთა ორ-წლინახევრის იყო, როცა თამრიკო ჭოხონელიძემ რადიოში პირველად ამღერა. მაშინ ქალბატონი თამრიკო საბავშვო ბაღში სასწავლო პრაქტიკას გადიოდა. დამიბარა და მითხრა: ბავშვს აბსოლუტური სმენა და კარგი მონაცემები აქვს, მე დრო არ მაქვს და სადმე მიიყვანეო. 5 წლის თამთა რკინიგზელთა სახლში, ვოკალისტ ემა აფხაზავასთან მივიყვანე, რომელმაც რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ მითხრა, - ამას ყველას არ ვეუბნები: თამთა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ნერგების" ხელმძღვანელთან, ნოდარ მდინარაძესთან მიიყვანეო. ბატონმა ნოდარმა ორკვირიანი საგამოცდო ვადით მიიღო, მაგრამ რამდენიმე დღეში, თამთა ანსამბლში ჩაირიცხა.

****

- ჭკვიანი, პასუხისმგებლობით სავსე, ინტერესიანი, პუნქტუალური, დამჯერი და ამავდროულად, ძალზე მგრძნობიარე, საკმაოდ დამოუკიდებელი. თუ ერთხელ შენიშვნას მისცემდი, აღარასოდეს გაიმეორებდა. უნდოდა, ყველაფერი სრულყოფილად და საუკეთესოდ სცოდნოდა. საბავშვო ბაღში, სადაც ყველანი საუკეთესო ბავშვები იყვნენ, ყოველთვის ზეიმის წამყვანი იყო. სკოლაში შესვლამდე, ქართულ და რუსულ ენებზე წერდა და კითხულობდა. ასევე, გარკვეულ დონეზე იცოდა მათემატიკა, ინგლისურიც... ყოველთვის "ფრიადოსანი"იყო. ერთადერთხელ, სკოლაში "ოთხიანი"მიუღია და ტირილისგან თვალებდასივებული დამხვდა. უკითხავთ, - რა გატირებსო? - დედა ინერვიულებსო...

****

მისთვის არასოდეს არაფერი დამიძალებია: სურვილი და ინტერესი ჰქონდა, მეც "მივყვებოდი". როდესაც თამთას კონცერტები ჰქონდა და სცენაზე გამოდიოდა, მესმოდა, მის შესახებ რას ამბობდნენ: რა გვარია? შენ გაიხარეო! როგორც ყველა მშობელს გაუხარდება, მეც მიხაროდა, როდესაც ჩემს შვილს უცხო ადამიანები აქებდნენ. მახსოვს, როდესაც 1992 წელს "საქართველოს ფერია"გახდა, თამთას ჰკითხეს, - საქართველოს ფერია შენ რომ იყო, რას ისურვებდიო? უპასუხა: ისეთ რაინდს ვისურვებდი, რომელიც ჩემს სამშობლოს გადამირჩენდაო. უცნობი ქალბატონი თვალცრემლიანი მეხვეოდა, მილოცავდა: შვილო, განძი გყავს და ამ განძს გაუფრთხილდი, ამ ბავშვს ბედნიერი მომავალი აქვსო. თამთამ მეორე მუსიკალური სასწავლებელიც წარმატებით დაამთავრა. სუხიშვილების ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც სწავლობდა. ყველგან უგამოცდოდ ჩაირიცხა... ძალიან ლამაზი ბავშვობა გაიარა, ყველგან სიყვარული დაიმსახურა, რითაც ჩემი ცხოვრება ძალიან გაალამაზა.

- თამთას ასეთ წარმატებას ელოდით?

- ველოდი, მწამდა და ვამბობდი, - პროექტის წარმომადგენლები თუ მოუსმენენ და აიყვანენ, არასოდეს ინანებენ-მეთქი. შვილის შესაძლებლობები მე ყველაზე კარგად ვიცოდი - მან საქართველოში დიდი სკოლა გაიარა. უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ ბერძენმა ხალხმა მისი ყველა დადებითი თვისება დაინახა, შეიყვარა და ისე გაითავისა, ავიწყდებათ, რომ თამთა უცხოელია.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის"21 ივლისის ნომერში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება