საქართველოს მთავარი პროკურატურა იგორ გიორგაძის იორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძის მიმართ.
ი. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება.
2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მიეწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ ი. გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირი რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, მის მიმართ შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა.
ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება? - რა ინფორმაცია მიაწოდეს ტელეკომპანია PALITRANEWS-ს