თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს, სიკვდილით დაისაჯოს. ამის შესახებ მან "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქ ხალხს სურს "ტერორისტების" სიკვდილით დასჯა, რომლებმაც გადატრიალება დაგეგმეს.
"ადამიანებს ახლა უკვე აქვთ წარმოდგენა ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ, ეს ტერორისტები ადგილზე უნდა განადგურდნენ. ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. რატომ უნდა ვკვებო ისინი წლების განმავალობაში ციხეებში. ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს, რადგან მათ ახლობლები დაკარგეს. ადამიანები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ჩვენ ძალიან გონივრულად და დელიკატურად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა აერდოღანმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის შემოსაღებად საჭირო იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად.