აზერბაიჯანში ერთ-ერთი ტელეარხის, ANS TV-ის მაუწყებლობა შეწყდა. როგორც თავად აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის მიზეზი ფეთჰულა გიულენის ინტერვიუ გახდა, რომლის ეთერში გაშვებასაც ტელეკომპანია გეგმავდა.
News.az-ის ცნობით, გიულენის ინტერვიუ ანტითურქული ხასიათის იყო. როგორც ცნობილია, ANS TV-მა მაუწყებლობის შეწყვეტამდე განაცხადა, რომ იგი აპირებდა გიულენთან აშშ-ში მათი კორესპონდენტის, განირა ატაშოვას მიერ ჩაწერილი ინტერვიუს გაშვებას. მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ქვეყნის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო და თურქეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.