თვითმხილველის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად, ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი - ორი.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მივიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს ცეცხლი გაუხსნა. როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, დაჭრილის მეგობარმა თავდამსხმელი დაჭრა. ამ უკანასკნელს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთი დაჭრილი და მისი თანმხლები პირი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი თანამშრომლები არიან, ხოლო პირი, რომელმაც პირველი გასროლა განახორციელა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილე იყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია ყოფილი ძალოვანი არჩილ მამაგეიშვილი. ამ წუთებში მას ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმების ცნობით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მეორე პირს, ის სხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა.