ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ერევანში პოლიციის სამმართველოში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყეს. ცნობას ამის შესახებ სანფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობაში შეჭრის დროს გარდაცვლილი ადამიანის ვინაობა დადგინდა. შემთხვევას პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი ემსხვერპლა, პოლკოვნიკი არამ ოვანესიანი, ვიცე-პოლკოვნიკი ჰრაჩ ხოტეგიანი და უმცროსი ოფიცერი გაგიკ მკრტჩიანი კი დაშავდნენ.
შეიარაღებული ადამიანები პოლიციის სამმართველოში დღეს შეიჭრნენ. მათ მძევლად 7 ადამიანი ჰყავთ აყვანილი და 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილის უნან პოღოსიანის განცხადებით, პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ სომხური სააგენტო "არკა" იუწყება. სამართალდამცველები დამნაშავეებს მოუწოდებენ, უარი თქვან დანაშაულებრივ ქმედებებზე და ჩაბარდნენ პოლიციას.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია ძალები იმისთვის, რომ მათი განეიტრალება მოხდეს. პოლიცია იღებს ყველა პრევენციულ და ოპერატიულ ზომას და თუკი ჩვენს მოწოდებებს არ მოისმენენ, შეგვიძლია მათი განეტრალება, რადგან მკვლელებს სხვაგვარად არ ექცევიან", - განაცხადა პოღოსიანმა. მან დააკონკრეტა, რომ დამნაშავეებს, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნის გარდა, სხვა მოთხოვნები არ აქვთ.