თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა,- აღნიშნულ ცნობას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დაახლოებით, 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. საერთო ჯამში, დაკავებულთა რაოდენობა 1600-მდე გაიზარდა.
ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, თუმცა უპირატესობას ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდორანის მომხრეები ფლობენ.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა.
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში