თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ გენერლებისა და პოლკოვნიკების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ეფკან ალას განკარგულების თანახმად, ამ დროისთვის ქვეყნის შეირაღებული ძალებიდან 29 პოლკოვნიკი და 5 გენერალი გაათავისუფლეს.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 754 ადამიანია დაკავებული.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა.
სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში