თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა, საქართველოს მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ დარეკონ ნომერზე:+905336903040.
"თურქეთში ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ამ დროისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ერთი მხრივ თურქეთის ხელისუფლებისა და მეორე მხრივ მეამბოხეების მხრიდან. შესაბამისად, დასკვნების გაკეთება ნაადრევია. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მინდა მათ მოვუწოდო, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ სახლებში და თვალი ადევნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ჩვენი რჩევაა, განსაკუთრებით თავი შეიკავონ სახელმწიფო უწყებების - სამინისტროების, გენერალური შტაბის, სამხედრო ბაზების და სახელმწიფო ტელევიზიის მომდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან", - განაცხადა ელჩმა.