გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი, სწორი ჭედვისაა. ამ მონეტის ტიპი - მთელი ტანით აღმართული მეფის გამოსახულება - იმეორებს ბიზანტიური მონეტის ტიპს. თუმცა, ზედწერილი მასზე ქართული და არაბულია.
1208-1210 წლებში საქართველოს სამეფო სამხრეთის მიმართულებით, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ აწყობს ძლევამოსილ ლაშქრობებს, რომელშიც თვით მეფე გიორგი IV ლაშა მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უნდა მომხდარიყო ლაშა-გიორგის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, მისი საზეიმოდ მეფედ კურთხევა 1210 წელს. მონეტაზე აისახა ქვეყნის რეალური პოლიტიკური ვითარება.
მემატიანე ლაშას დიდ წინაპარს დავით აღმაშენებელს ადარებს: "მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადა სიმცროვესა შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი".
სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.
AV. მეფე იმპერატორის ინსიგნიებით. ქართული ზედწერილი: "გიორგი, ძე თამარისი. ქორონიკონი 430".
RV. ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებულია არაბული წარწერა: "მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისი, მახვილი მესიისა. წელსა ექვსას ექვსსა" (1210 წ.)