პროკურატურასთან ვახტანგ რჩეულიშვილსა და "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურასთან შეკრებილ დაზარალებულებს პროვოკატორები და თაღლითები უწოდა.
იხილეთ ვიდეო| ვახტანგ რჩეულიშვილი დაზარალებულებმა ხელში ჩაიგდეს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს
ვახტანგ რჩეულიშვილი დაზარალებულებს განუმარტავდა, რომ მას მათი ვალი არ აქვს და სახელმწიფო არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მშენებლობები დაამთავროს. რჩეულიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მისთვის დასაბრუნებელი აქვს 20 მილიონი დოლარი, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის პროკურატურასთან არიან შეკრებილები, პირადად მისი ოჯახის 50 მილიონი მართებთ.
ვახტანგ რჩეულიშვილს კითხვა აქვს პროკურატურასთან, თუ რატომ უშლის ხელს მუშაობაში და რატომ არ აძლევს ყველა ადამიანის დაკმაყოფილების საშუალებას.
პარალელურად, პროკურატურაში "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, რომელიც მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლისას განაცხადა.
მაია რჩეულიშვილი დაკითხვაზე მის დაბარებას და "ცენტრ-პოინტის" წინააღმდეგ სამართალწარმოებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. "არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, მოტივი არის პოლიტიკური. შევხვდებით 8 ოქტომბერს", - განუცხადა მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვაზე შესვლამდე.
რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, როგორც მაია რჩეულიშვილმა აღნიშნა, შვილთან არ უსაუბრია და მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობია.