უცნობი და საინტერესო ფაქტები საქართველოს ძველი ქვის ხიდების შესახებ

უცნობი და საინტერესო ფაქტები საქართველოს ძველი ქვის ხიდების შესახებ

საქართველოში ბევრი საუკუნის წინ მოწესრიგდა საგზაო-სახიდე მშენებლობა, რადგანაც ხიდებს ადამიანისთვის თავიდანვე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ ეს დარგი საქართველოს ისტორიის მანძილზე კარგად განვითარდა. ის რომ, ერთ-ერთი უძველესი დარგია, ამას ძველი ქვის ხიდები ადასტურებს. მათგან ჩვენამდე ზოგიერთმა უვნებლად მოაღწია, ზოგიერთის კი ნაშთია შემორჩენილი, რომლებიც საქართველოს მდინარეებზე შეიძლება შეგვხვდეს და თითოეული კულტურის ძეგლებად არის მიიჩნეული.

"მეფე დავითმა აღაშენა რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი. ქვა-ფენილ ყვნა", - წერს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ("ქართლის ცხოვრება", წიგნი I, 1955 წ.).

მოკლედ, საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი გამძლე ქვებითა და კირის დუღაბით თაღოვანი ხიდები იქმნებოდა, რომლებიც სილამაზითაც გამოირჩეოდა.

რკონის ხიდი

თხელთაღოვანი ქვის ხიდი რკონის მონასტერთანაა (კასპის რაიონში), რომელიც მდინარე თეძამის ერთი ნაპირიდან მეორეზეა გადებული. მისი სიგანე მერტ-ნახევარია. ნაგებობა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილებას ახდენს. ხიდი ემსახურებოდა არა მარტო ადგილობრივ მონასტერს, არამედ მნიშვნელოვანი გზაც იყო, რომელიც ქართლიდან მესხეთ-ჯავახეთისაკენ მიდიოდა.

ბესლეთის ხიდი (აფხაზეთი)

სოხუმიდან 6 კმ-ში, მდინარე ბესლეთზე ქვის თაღოვანი ხიდია აგრეთვე აგებული. ხიდს არაერთი მკვლევარი და მოგზაური აღწერს. 1936 წელს აკადემიკოსმა ჩუბინაშვილმა დაამტკიცა, რომ ის შუა საუკუნეებშია შექმნილი. აგებულია ქვითა და კირის დუღაბით, გამოყენებულია ქართული ბრტყელი აგურიც. ხიდის სავალი ნაწილის სიგანე - 4,7 მ-ია; ხიდს სპეციალისტები საინტერესო შეფასებას აძლევენ.

მცხეთის მოგვთა ხიდი

მოგვთა ხიდი (პომპეუსის ხიდი) არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლია, რომელიც მცხეთის შესასვლელშია და ამჟამად მდინარის მიერ არის დაფარული. "პომპეუსის ხიდი" კი ჰქვია, მაგრამ პომპეუსამდეც არსებობდა, დაახლოებით იმ პერიოდიდან, როცა ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ოდითგანვე საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა.

ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომსს დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები და მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება "მოგვთაკარი", ხოლო ხიდმა — "მოგვთა ხიდი". V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ, ხიდი შეუკეთებია და 60 მახარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს.

ქუთაისის ხიდი

ქუთაისის ძველი ხიდის, რომელიც მდინარე რიონზეა აგებული, პირველი აღწერა აკადემიკოს გიულდენშტედტს ეკუთვნის (საქართველოში 1770-1772 წლებში იმოგზაურა): "...რიონზე არის 80 ნაბიჯი სიგრძისა და 8 ნაბიჯი სიგანის ხიდი. ორივე ნაპირზე არის 2 თაღი, რომლებიც მდინარეში აღწევენ 25 ნაბიჯამდე და შეერთებული არიან 30 ნაბიჯის სიგრძის ხის ხიდით". ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ VIII აუკუნის ნაგებობაა.

მახუნცეთის ხიდი

მახუნცეთის თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზეა, სადაც თაღის ყოველ ქვაზე გამოკვეთილია თითო ქართული ასო, ზომით 25 სმ. სოფელი მახუნცეთი დაბა ქედიდან 10 კმ დაშორებით მდებარეობს, ჰიდროელსადგურ "მახუნცეთჰესთან". ეს ხიდი მრავალ მნახველს აქვს აღწერილი. მეცნიერების ვარაუდით, XI-XII საუკუნეშია აგებული, ბევრი მნახველი მას იტალიურ ხიდს ადარებდა, თუმცა უამრავი ფაქტის გათვალიწინებუთ, ის ქართველების მიერ არის აგებული.

აჭარა, შავშეთი, ლაზეთი უძველესი დროიდან თურმე მოფენილი ყოფილა მკვიდრი და ლამაზი სახიდე ნაგებობებით, რასაც დღეს მათი ნაშთები მოწმობს. მათზე დაკვირვება ინფორმაციას იძლევა, რომ ადამიანები, რომლებიც მათ აშენებდნენ, ხიდების მშენებლობის საქმეში დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდათ.ამ ხიდების უმრავლესობა საუკუნეებსა და მდინარეთა დინებას უძლებს... მნიშვნელოვანია, რომ ხიდების ნაშთები არა მარტო შუა საუკუნეებს, ძველი წელთაღრიცხვის პერიოდსაც განეკუთვნება. ისინი - როგორც ციხეები, კოშკები, ტაძრები - ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლებია.

ლალი ფაცია

მომზადებულია კვეზერელი-კოპაძის ნაშრომის "ძველი ხიდები" მიხედვით

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ