ჩარგალში ბაჩანა რაზიკაშვილის სახლი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაჩანა რაზიკაშვილის შვილთაშვილმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა, მისი პაპის სახლი დაიწვა, რომელსაც ისტორიული ღირებულება არ გააჩნია. ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. სახლში 10-ზე მეტი ადამიანი იყო, მათ შორის ლელა რაზიკაშვილის შვილებიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით ლელა რაზიკაშვილმა "ფეისბუქზე" პოსტიც გაავრცელა.
"პაპაჩემის აშენებული ქოხი იწვის ჩარგალში ამ წუთას! ბავშვები კარგად არიან, მე აქ ვარ და ვფიქრობ, დადგა დრო ყველაფერი ახლიდან დავიწყო! სანამ ბავშვების მშიდობას გავიგებდი, სანამ ნომერს ავკრებდი, სანამ მიპასუხებდა ვინმე იმ ერთ საუკუნეში, კიდევ ერთხელ გავიგე, რომ სიცოცხლეზე მთავარი არაფრია! ხოდა არ გეგონოთ დამწუხრებული ვარ, პირიქით ახლა ვარ ენერგიით სავსე და ყველაფრის ახლიდან დაწყებას ვგეგმავ... სახურავს უკვე უკიდია, იწვის ჩემი მძიმე წარსული და მოდის მომავალი... ახალი და გახარებული მომავალი! ბავშვები კარგად არიან! ეჭვი მაქვს სახანძროზე ადრე ავალ იქ, თუმცა სახანძროს სამუშაო აღარ დახვდება, მე კი ახლა დავიწყებ ყველაფერს! ღმერთია ჩემთან! ჩვენთან! ყველასთან!", - წერს რაზიკაშვილი.