ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს შილდის რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ცხედარი, სავარაუდოდ, ცხოველისგანაა დაგლეჯილი.
"შილდის ერთ-ერთი მცხოვრები, თემურ ასაბაშვილი დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის სოკოს საკრეფად მიდიოდა და ტყეში ადამიანის ცხედრის ნარჩენებს წააწყდა. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული გარდაცვლილი ქალია თუ კაცი - ადგილზე უკვე რამდენიმე საათია ექსპერტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ცხედარი მტაცებელი ნადირისგან ან ძაღლებისგანაა დაგლეჯილი", - განაცხადა ლევან ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თემურ ასაბაშვილი, რომელმაც ცხედარი იპოვა, ამ წუთებში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.