ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, აშშ-ის პირველ დიპლომატს არაფორმალური შეხვედრებიც ჰქონდა. ამერიკის საელჩომ ექვს ახალგაზრდა ქართველ ინოვატორსა და მეწარმეს ჯონ კერისთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა. მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვას" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ნინო ნანიტაშვილი, რომელიც AMBEBI.GE -ს არაფორმალური შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ნინო რამდენიმე თვის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 9 ახალგაზრდასთან ერთად, ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა.
როგორც ნინო ნანიტაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის მიზანი იყო გაეზიარებინათ ჯონ კერისთვის, თუ რა ინიციატივები, შესაძლებლობები და გამოწვევები აქვთ საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეებსა და ინოვატორებს.
"ძალიან უშუალო და მეგობრული შეხვედრა იყო, ალბათ იქ მყოფები ვერც კი ვიაზრებდით, რომ გვერდით გვეჯდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დონის პოლიტიკოსია, ყურადღებით გვისმენდა, გვეკითხებოდა ჩვენი საქმიანობის შესახებ, აინტერესებდა ჩვენი, ახალგაზრდების აზრი, ძალიან თავისუფლად ვსაუბრობდით", - იხსენებს შეხვედრას ნინო.
მისივე თქმით, ძველ თბილისში გასეირნების დროს დიპლომატმა არქიტექტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ეკონტაქტებოდა.
ასევე წაიკითხეთ: ჯონ კერი ძველ თბილისსა და ქართულ რესტორანში...
"როგორც გვითხრა, ქართული სამზარეულო მოეწონა. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ისევ დაბრუნდება გრძელვადიანი ვიზიტით და უფრო მეტის ნახვას შეძლებს. აღნიშნა ის დადებითი მუხტი, რაც ქართველებთან ურთიერთობაში თუ უბრალოდ ქუჩაში სიარულის დროს იგრძნობა. ვფიქრობ, ძალიან დასაფასებელია, როდესაც პოლიტიკოსი ასეთი უშუალოა არა მხოლოდ საკუთარ ხალხთან, არამედ ყველგან, სადაც მიდის", - გვეუბნება ნინო ნანიტაშვილი.
ახალგაზრდა ინოვატორის თქმით, დამშვიდობებისას ჯონ კერიმ ახალგაზრდებს მოუწოდა, განახორციელონ თავიანთი საქმიანობები, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი და მათ უნდა შეცვალონ ის.
საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ჯონ კერის ტვიტერის გვერდზე ახალი ფოტო განთავსდა, რომელზეც სახელმწიფო მდივანი ქართველ ახალგაზრდებთან ერთადაა გადაღებული: "You can change the world" (თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მსოფლიო) - ვკითხულობთ კერის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფოტოს წარწერაში.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE