აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პირისპირ შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა. შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
"საქართველოში პრეზიდენტ ბარაქ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე. პრეზიდენტის მესიჯია, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უჭერს მხარს" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინიტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში, თბილისში და პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში. მას შემდეგ, რაც ბოლოს თქვენთან გავსინჯე ხაჭაპური და მშვენიერი ღვინო დავაგემოვნე, მიკვირს, რომ აქამდე არ ჩამოვედი... საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას მესიჯით - აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორხმრივი პროცესია", - განაცხადა კერიმ და ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება და ბევრი პროცესი მოვა მოქმედებაში, რომელიც გაამარტივებს საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სთან, მისი სრული წევრობის გზაზე. მანვე მაღალი შეფასება მისცა დღეს ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატო-სთან, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტურობას გაზრდის, დამხმარე იქნება განათლების, პერსონალის ტრეინინგის სფეროებში. ასევე, მასში იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური პირადი შემადგენლობის გაცვლა.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნატო-ში ინტეგრაცია "განგრძობადი პროცესია და ნამდვილად დადგება დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება".
"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და როგორც 2008 წელს მოკავშირეებმა განაცხადეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩარჩოებში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ განცხადებას და ჩიკაგოს, უელსის სამიტებზე, მოკავშირეებთან ერთად, მხარს ვუჭერდით აღნიშნულ განცხადებას და იგივეს გავაკეთებთ ვარშავაში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.
დიახ, არსებობდა გარკვეული მიზეზები, რამაც პროცესი შეანელა. ყველას კარგად ესმის, რომ ძალზე სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის, სირიის და სხვა რეგიონების თვალსაზრისით. მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ზოგიერთმა სახელმწიფომ პროგრესი დაუკავშირა ამ პროცესებს, მაგრამ საქართველო დღესდღეობით უკვე ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატო-სი და საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს, რას მიაღწია საქართველომ და რას აკეთებს ახლა. საქართველო გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ნატო-ს ოპერაციებში", - განაცხადა ჯონ კერიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში დანიშნული არჩევნების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ "8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის".
"საქართველო არის მოდელი დემოკრატიული ცვლილებების, საარჩევნო პირობების შეცვლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე, ასევე ვისაუბრებ ამაზე პრეზიდენტთან, ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების სტაბილურობის უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო თემებზე, რომლებიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი და ასევე იმისთვის, რომ არ შეწყდეს ის პროგრესი, რომელიც მიმართულია მასმედიის თავისუფლებისკენ", - აღნიშნა კერიმ.