თემო კობახიძე მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელმაც სულ ახლახან იმოგზაურა თუშეთის მთებში და მოგზაურობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
"ჩემი აზრით, თუ ოდესმე თუშეთში მოგზაურობას დააპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ წინ გელით ექსტრემალური, ხიფათით სავსე გზა, რომელიც მხიარულებითა და ადრენალინით იქნება გაჟღენთილი. სწორედ ხიფათი, ამ მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. თუშეთისკენ მიმავალი გზა მხოლოდ 2-3 თვით იხსნება და დანარჩენი 9-10 თვე ჩაკეტილია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტურისტები და მოგზაურები უგზოობის გამო თუშეთში შეყოვნდნენ, ასეთი პრეცენდენტი შარშან თუშეთობაზე მოხდა, როდესაც 800-მდე ადამიანი ვერტმფრენის დახმარებით ჩამოიყვანეს.
გზაში შეგხვდებათ უამრავი წყარო და ჩანჩქერი, რომლებიც გზას კალაპოტად იყენებენ, ხშირია გზაზე მიწის ვარდნის შემთხვევები, ამის გამო მძღოლები ნიჩბებს ატარებენ, რომ გზა გაწმინდონ. გზაში საკმაოდ ბევრჯერ მოგვიწია მანქანიდან გადმოსვლა მის შესამსუბუქებლად, რათა ადვილად გადასულიყო ჩამოშლილი მიწის ზედაპირზე.
სოფელ დართლოში შევესწარით თუშური სახლის აშენების პროცესს. მშენებლებმა შეინარჩუნეს სახლის აშენების ძველი მეთოდი, რამაც დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში. სახლი შენდება "ქვის ქვაზე დადებით". გარდა იმისა, რომ ასე აშენება მარტივია, ასეთი მეთოდით აშენებული სახლი საუკუნეებს ძლებს. მშენებლები ძირითად საშენ მასალას - კლდიდან ჩამონაშალ ქვას სპეციალური კარიერებიდან იღებენ, ხე კი უკრაინიდან ჩამოაქვთ, რადგან თუშეთში ხის მოჭრა არ შეიძლება დაცული ტერიტორიების გამო. იხილეთ გაგრძელება+ფოტოები