კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა, სადაც იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. სულხან მოლაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, ვიცე-პრემიერ, ენერგეტიის მინისტრ კახა კალაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრს ქაშუეთის ეკლესიაში შეკრებილმა საზოგადოებამ მიმართა შემდეგი სიტყვებით - "დაიჭირე მკვლელები", "დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ".
მოქალაქეების განცხადებით, სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაგვიანებული იყო სამართლიანობის აღდგენა. მათივე თქმით, ეს პროცესი არ შეჩერდება, რადგან უკვე არსებობს ამაზე არაერთი დასკვნა, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან.
გარდა ამისა, ადგილზე გროვდებოდა სამოქალაქო პეტიცია. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, ხელმოწერები გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას მოთხოვნით, რომ დაისაჯონ ის პირები, რომელთაც სულხან მოლაშვილი ღიად ადანაშაულებდა წამებაში.
სულხან მოლაშვილი 29 ივნისს, 47 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.