უნიკალური აღმოჩენა იშხანში - ვისი სამარხი იპოვეს ექსპედიციის წევრებმა ტაძრის ტერიტორიაზე

უნიკალური აღმოჩენა იშხანში - ვისი სამარხი იპოვეს ექსპედიციის წევრებმა ტაძრის ტერიტორიაზე

იშხანში, მთავარ ტაძარში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლახან ახალი სამარხი გამოვლინდა. ამ უნიკალურ აღმოჩენას "კვლევის ცენტრის" წევრმა ლევან წიქარიშვილმა მიაკვლია. სამარხი შელესილია და მის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით (სინგურით) შესრულებულია ჯვრები და ვრცელი წარწერები. დასმულია თარიღიც - "ქორონიკონსა სკთ", ანუ 1009 წელი. ექსპედიციის წევრების მოსაზრებით, სამარხი უთუოდ ძალზე მნიშვნელოვან პირს ეკუთვნოდა. სამარხის წარწერებს კითხულობს პალეოგრაფი თემო ჯოჯუა.

ლევან წიქარიშვილის განმარტებით, სათავსი, სადაც სამარხია მოწყობილი საკმაოდ ვიწროა და ცუდადაა განათებული. როგორც ექსპედიციის წევრი ამბობს, განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც თავად მიაკვლია და პირველმა იხილა ეს უნიკალური სამარხი:

"ოთახში მოხვედრის შემდგომ ყურადღება მიიქცია ორმომ, რომელშიც ფანრის ჩანათების შემდგომ ცხადი გახდა, რომ სამარხი იყო. სამარხი სივრცეში იმგვარადაა განთავსებული, რომ ეს სამლოცველო უთუოდ საგანგებოდაა ამისათვის მოწყობილი. სამლოცველო ნახევარწრიული აფსიდით, მცირე საკურთხევლისთ სრულდება. სამარხში ჩავედი და ჩასვლისთანავე ჯვარი შევნიშნე. სამარხის ოთხივე კედელზე წარწერები ჩანდა. ეს ძალზე ემოციური და დაუჯერებელი იყო. სამარხს ფოტო გადავუღე, შევხედე თარიღსაც... "სკთ", - რომელიც თანამედროვე 1009 წელს შეესაბამება...

ეს ძალზე სასიხარულო ფაქტი იყო... მიკვლეული სამარხი, ტაძრის იმდენად გამორჩეულ ნაწილშია მოქცეული, რომ თავიდანვე ცხადი იყო, ეს უთუოდ მნიშვნელოვანი პირის სამარხი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა მეფის ან ეპისკოპოსის. ამასთანავე ანალოგიური საფლავი ამგვარი წარწერებით ძალზე იშვიათობაა. ანალოგი არსებულ დიდ სავანეებთან არც მოიძებნება. ამდენად, ყოველივე ამის გააზრებით, ეს სამარხი ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული კულტურისათვის და ისტორიისათვის" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ლევან წიქარიშვილი.

პირველი ვერსია, რომელიც ექსპედიციის წევრებს ადგილზე გაუჩნდათ, გურგენ მეფეა, ბაგრატ III-ის მამა. ამავე ვერსიას ავითარებს ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს მის ვარაუდს: "1008 წელს გურგენ მეფე (ბაგრატ III-ის მამა) გარდაიცვალა. მისი სამარხი ხომ არ არის, გასრულებული 1009 წელს? ძალიან ახლო პერიოდია და სამარხიც მეფის საკადრისი (თუმცა გურგენის აგებული ეკლესია იშხანში ცალკე დგას და მისი საძვალეც თითქოს იქვეა საგულვებელი)".

2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ იშხნის რესტავრაციის პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. ამ პროცესში გამოვლინდა არაერთი საინტერესო სიახლე. მათ შორის სულ რამდენიმე დღის წინ ეზოში მიმდინარე სამუშაოებისას გამოჩნდა კიდევ ერთი მცირე ეკლესიის ფრაგმენტები, სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, ქვევრების ფრაგმენტები მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მინაშენში და სხვა.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი წლებია ახორციელებს ექსპედიციებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. 2013 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტისა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონის კვლევას, რამაც არაერთი დღემდე უცნობი ძეგლი გამოავლინა. 2017 წლის დასაწყისისათვის პროექტის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც შესული იქნება ტაო-კლარჯეთში მდებარე მატერიალური კულტურის ძეგლები, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ 1000-მდე იქნება.

იშხნის ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული სავანე და საეპისკოპოსო კათედრა იყო ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. იშხნის თავდაპირველი ტაძრის აგება VII საუკუნეში მოღვაწე იშხნელ ნერსეს ეპოსკოპოსს უკავშირდება, რომლის ნაშთებზეც IX საუკუნეში ბაგრატ კურაპალატის ქტიტორობით, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე საბა იშხნელი ახალ ტაძარს აშენებს. მონასტრის მთავარი ტაძარი შემდგომ პერიოდში, XI საუკუნეში, საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. იშხნის საეპისკოპოსო კათედრა გამორჩეული და იშხნელი ეპისკოპოსი განსაკუთრებული პატივის მატარებელი ყოფილა საუკუნეთა მანძილზე. იშხანი მრავლად იხსენიება ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში და შესწავლილია სხვადასხვა პერიოდის მკვლევართა მიერ.

თეა ცაგურიშვილი

AMBEBI.GE

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენრეგიის მიწოდება?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

ლაშა ნაცვლიშვილი  POST TV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება