ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ და საქმეზე ბრალდებული 4 პირი, მათ შორის ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობაში დატოვა.
როგორც ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მოსამართლე იქცეოდა არაკომპეტენტურად და იგი ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების არგუმენტად იყენებდა საქმეში არსებულ მასალებს, რომლებიც ჯერ სასამართლოს მტკიცებულებად არ დაუშვია.
ადვოკატმა გიორგი ფოფხაძის თქმით, მან ორჯერ მოითხოვა მოსამართლის აცილება, თუმცა უშედეგოდ. ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა ასევე მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა და პროკურატურა საპროცესო შეთანხმების ზეწოლით გაფორმების მცდელობაში დაადანაშაულა.
"მას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ მოაწერდა ხელს საპროცესო შეთანხმებას მისი შვილის, ვასილ ჯამალაშვილის წინააღმდეგ, რომელიც კუდის მაღალჩინოსანი იყო, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ. ასე ცდილობდა პროკურატურა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს მოეწერა საპროცესო შეთანხმებისთვის ხელი, რაც არ გამოუვიდათ, რადგან ის დანაშაულს არ აღიარებს", - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.