ფეისბუქ-მომხმარებელ მაგდა კალანდაძეს, რომელმაც სამედიცინო პერსონალის გულგრილობის შესახებ შემაძრწუნებელი პოსტი გამოაქვეყნა, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ადმინისტრაცია პასუხობს. შესაბამისი განცხადება, კლინიკის ფეისბუქის გვერდზე 26 ივნისს, საღამოს გამოქვეყნდა. AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
"ბოლო წლებში მომრავლდა ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი საუბარი, ცრუ ბრალდებები, თუ როგორი უცოდინარი და უპასუხისმგებლოები არიან. რაც აზარალებს არა მარტო ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას, არამედ ზოგადად, საზოგადოებას. მსგავსი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები ლახავს ექიმის რეპუტაციას და თესავს უსაფუძვლო ნიჰილიზმს საზოგადოებაში. დაკარგულია ყოველგვარი ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის, რაც მკურნალობაზეც აისახება. ყურმოკრული, ნაჭორავები და არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული დასკვნები, მოყავთ როგორც უტყუარი ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელი რჩება ყოველი მსგავსი სკანდალი და ცრუ ბრალდება.
თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტების გადამოწმება მარტივად შეიძლება მომხდარიყო, ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კონტაქტით, ან ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანით, ან სამართალდამცავ ორგანოებში განცხადებით, თუ მართლა შეგტკივათ გული ჩვენს პაციენტებზე. თუმცა, უფრო მარტივია, ფეისბუქზე ცრუ ბრალდებები და რაც უფრო მეტად სკანდალურად გამოიყურება პოსტი, მით მეტი ნახვა აქვს ფეისბუქ გვერდს. რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ კლინიკაში ბავშვებს კლავდნენ, თითებს აჭრიდნენ, ადაპტირებულ კვებებს ვენაში უსხამდნენ და ამ პაციენტების მშობლები მშვიდად უყურებდნენ ამ ყოველივეს და ასეთი კლინიკა იყოს ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა, ისე რომ ყოველთვის პაციენტის განთავსებისთვის ადგილების უკმარისობა იყოს? სწორედ ამ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში განკურნეს თქვენი შვილი და ბოლომდე გამოჯანმრთელებული გაწერეს, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა, ეს ინფორმაციაც დამახინჯებულად არის საზოგადოებისათვის მიწოდებული.
ჩვენი კლინიკა მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაიცვას თავისი საქმიანი რეპუტაცია და არ დაუშვას უპასუხისმგებლო პირთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით კლინიკისა და მისი სამედიცინო პერსონალისათვის ზიანის მიყენება", - ნათქვამია განცხადებაში.