განო მელითაური და მისი მეგობრები ტურისტულმა კომპანიამ "გადააგდო": "36 ადამიანი ქუჩაში დავრჩით, მათ კი ფული ჯიბეში ჩაიდეს"

განო მელითაური და მისი მეგობრები ტურისტულმა კომპანიამ "გადააგდო": "36 ადამიანი ქუჩაში დავრჩით, მათ კი ფული ჯიბეში ჩაიდეს"

ბოლო დროს, ზოგიერთი ტურისტული კომპანიის მისამართით მომხმარებლების პრეტენზიები ხშირად ისმის. ერთ-ერთი მოტყუებული კლიენტი, რომელიც ტურისტული კომპანიის მახეში გაება, მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი, განო მელითაურია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასეთი რამ შეემთხვა:

"36-კაციანი ჯგუფი, მე და ჩემი ჯგუფელები, კურსელები, რომლებიც პიარ-აკადემიაში ვსწავლობთ, ვარშავაში მივფრინავდით. თუმცა, ვერ ჩავფრინდით, რადგან ტურისტულმა კომპანიამ გადაგვაგდო.

- კონკრეტულად რა მოხდა?

- ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში, მენეჯმენტის განხრით მაგისტრატურაზე ვსწავლობ. ამ სასწავლებელს საქართველოში პიარ-აკადემია წარმოადგენს. 22 ივნისს ვარშავაში გამოცდებზე მივემგზავრებოდით ("ვიზ ეარით" უნდა გავფრენილიყავით), მაგრამ ქუთაისში შეგვაჩერეს. 36 ადამიანის ბილეთი, რომლის საფასური ჩვენმა პიარ-აკადემიამ გადაიხადა, ტურისტულმა კომპანიამ "მოტეხა".

- სასწავლებელმა ტურისტულ კომპანიას ნამდვილად გადაურიცხა თანხა?

- კი გადაურიცხა. ვინაიდან აღნიშნული ტურისტული კომპანია ქუთაისშია, იქიდან უნდა გავფრენილიყავით. ამიტომ თბილისიდან ქუთაისში 36 ადამიანი ღამის 3 საათზე ჩავედით და მთელი ღამე ჩემოდნებზე ვისხედით, რადგან აღმოჩნდა, რომ ტურისტულ კომპანიას, ბილეთი არ ჰქონდა შეძენილი. მოკლედ, პიარ-აკადემიამ ფული გადაურიცხა, მაგრამ კომპანიამ ბილეთები არ იყიდა. თქვეს ტყუილი, რომ ბილეთები ჰქონდათ, ჯავშნები აჩვენეს, სინამდვილეში არაფერი ჰქონიათ. მოკლედ, იმის გამო, რომ ბილეთები არ გვქონდა, 36 ადამიანი ქუჩაში დავრჩით, მათ კი ფული ჯიბეში ჩაიდეს. ღამე ქუთაისის აეროპორტში გავათენეთ.

- არავის დაუკავშირდით. რა პასუხი აქვს კომპანიას?

- პასუხი არ არის. ბიჭი, ვისაც ვეკონტაქტებოდით, დამალულია და ვერ ვუკავშირდებით... იყო ვერსია, პასუხისგებაში მიცემულიყო. ძალიან ცუდი რამ მოხდა, ფაქტია, რომ სასწავლებელი უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენეს. გაგიჟებულები არიან ჩვენი მენეჯერები, ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდა ჩვენს ჯგუფზე.

- გამოსავალი რაშია?

- გამგზავრება გადაიდო. გამოცდებზე აფიორის გამო ვერ გავფრინდით. მინდა, მთელმა საქართველომ და ქვეყანამ გაიგოს, რომ სხვებიც გააცურონ... ყურადღებით, არავინ მოგატყუოთ!

საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს "პიარ აკადემიის" დირექტორი ნათია გოცაძე:

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ დღეს საქართველოში მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო. საბედნიეროდ პიროვნება, ვინც ამ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი სასწავლებელი, პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე და იმედი გავაქვს, მსგავსი პრეცედენტი აღარასოდეს აღარავის შეემთხვევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც ასეთი გულისხმიერებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას, იშვიათად მინახავს ასეთი გუნდურობა და ერთსულოვნება. რა თქმა უნდა, ასევე უნდა აღვნიშნო ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი პრობლემა და ჩვენთვის გაწერილი სასწავლო პროცესი სექტემბრისთვის გადადეს. ასე რომ, ჩვენი სტუდენტები ვარშავაში ახალი სასწავლო სეზონის დასაწყისში გაემგზავრებიან. ეს ამბავი კი კარგი გაკვეთილი იქნება ყველასათვის" - ამბობს გოცაძე "ამბები.ჯი"-სთან საუბარში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი