იბერიაში ანუ ქართლის სამეფოში, კოლხეთისგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა ძვ.წ. II საუკუნემდე შედარებით სუსტად იყო განვითარებული. იბერიის სამეფოში იქ საკუთარი მონეტა არ მოჭრილა, ძვ.წ. I - ახ.წ. III საუკუნეებში კი იქ ფულადი მიმოქცევის საფუძველი რომაული და პართული ფული იყო. სამონეტო მიმოქცევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბერძნულ-რომაული მონეტების მინაბაძები.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ლისიმაქეს და ალექსანდრეს სტატერების, ასევე რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ. 27 - ახ.წ. 14 წწ.) დენარის ადგილობრივი მინაბაძები, როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდება ორიგინალებისგან. გამოსახულებები მინაბაძებზე დამახინჯებულია, წარწერების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, წერტილები და გაურკვეველი ხაზებია გამოსახული.
ოქროს მინაბაძების უმეტესობა მოჭრილია ძვ.წ. I ს-სა და ახ.წ. I ს-ის დასაწყისში. რომაული დენარების ადგილობრივი მინაბაძები, სავარაუდოდ, ბრუნვაში იყო ახ.წ. I ს-ის მიწურულიდან ვიდრე III ს-ის ბოლომდე. იბერიაში ასევე ფართოდ მიმოიქცეოდა რომაული ოქროს ფული - აურეუსები, რომლებიც მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითადი საშუალება გახლდათ. ბრუნვაში ჩართული იყო ასევე რომაული აურეუსების ადგილობრივი იმიტაციები.
ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.
Av. ადამიანის სქემატური პროფილი.
Rv. ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება და წერტილები წარწერების ნაცვლად