საინტერესო და ინოვაციური პროექტი - ასე შეაფასა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია".
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, "გამომცემლობა პალიტრა L"-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ განხორციელდა და ის წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
პროექტის პრეზენტაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტის ავტორებს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
"ეროვნულ მუზეუმში ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნ-ალბომი რომელიც შეიქმნა ეროვნული მუზეუმის და "პალიტრა L" -ის თანამშრომლობით, ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ თავის მფლობელობაში ჰქონდეს ეს წიგნ-ალბომი და თვეში ერთხელ პირადი კოლექციისთვის ერთი მონეტით შეავსოს.
ზოგადად ფულის მოჭრის პრეროგატივა ყოველთვის სახელმწიფო კომპეტენცია იყო. ნუმიზმატიკის ისტორიის შესწავლა მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს ქვეყნის ისტორიაზე, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე და პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე. მე დარწმუნებული ვარ ეს წიგნი დააინტერესებს ყველას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს და წარმატება ვუსურვო"-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, გახდეს წიგნ-ალბომის მფლობელი, თვეში ერთხელ კი პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ზუსტი ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.
ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
"ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა. ის 24 მონეტა ძალიან სკურპულოზურად არის შერჩეული იმ პერიოდებთან დაკავშირებით, იმ მეფეებთან, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი იყო. ყველა ფული დევალვაციას განიცდის. თუმცა ეს ფული, რომელმაც ისტორიას გაუძლო, ყოველთვის იქნება ფასეული", - განაცხადა "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.