მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მისი სასამართლო პროცესების დახურვის მსურველებს პასუხობს. როგორც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, მას სურს, რომ ყველა პროცესი ღია და საჯარო იყოს, რაც დაკავების დღიდან არაერთხელ განუცხადებია.
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მან საკანში მოისმინა რამდენიმე განცხადება მისი სასამართლო პროცესების დახურვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ პოზიციებს არ ეთანხმება.
"მე დაკავების დღიდან და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროსაც განვაცხადე, რომ მინდა პროცესი იყოს ღია და საჯარო. სწორედ ამიტომ ავირჩიე ნაფიცი მსაჯულებიც, რომ მინდა ჩემი საქმე საზოგადოებამ განიხილოს. მე საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი არ მაქვს და მინდა გაშუქდეს ექსპერტების დაკითხვა, ასევე ჩემი პოზიციები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვითხოვ მხოლოდ პირადი ცხოვრების ნაწილში პროცესების დახურვას, სადაც საუბარია პირად მიმოწერებზე და ა.შ", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი განცხადება, რადგან ბრალდებული უზრუნველყოფილია პროცესის საჯაროობით და სასამართლო მხოლოდ ორჯერ დაიხურა, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოკვლევა ხდებოდა, მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ საკანში პროცესის დახურვის აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადება მოისმინა, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ანა დოლიძეს ეკუთვნოდა და რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა სტატუსი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესის დახურვასთან დაკავშირებით.