თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.
როგორც ”ამბები.გე”-ს მერიიდან აცნობეს, მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება.
მერიაში აღნიშნავენ, რომ მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.
“A+S”-მა დედაქალაქის უბნებსა და ცალკეულ ლოკაციებში შეისწავლა როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა. პრობლემები გაანალიზდა პიკის საათების გათვალისწინებით და მათი გადაჭრის გზების ძიება მოხდა სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით.
სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება”, - აცხადებენ მერიაში.