საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის პასპორტთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარეს განმარტების თხოვნით მიმართა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, 2016 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს "ქურდული სამყაროს" წევრობას, ან "კანონიერ ქურდობას".
მინისტრის განმარტებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.
"3 დღის მანძილზე უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძებო მოქმედებებს. აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას", - განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, მედიაში და ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან საქართველოში აღნიშნული პირის, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდის დეპორტაცია განხორციელდა.
"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" საფუძველზე ქართული მხარისთვის წინასწარი ინფორმაციის მოწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, თუ უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.
გამოძიების ფაგრლებში ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.
ჩვენ ველოდებით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს", -აღნიშნა მღებრიშვილმა.