მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მასთან ურო 2015 წლის 19 დეკემბერს შეიძინა. ამის შესახებ დიანა დიასამიძემ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. როგორც მან აღნიშნა მაგდა პაპიძე მის კუთვნილ სამშენებლო მასალების მაღაზიაში, რომელიც დიდუბეში მდებარეობს, დღის პირველ ნახევარში ბავშვთან ერთად მივიდა.
"შემოვიდა ქალბატონი ბავშვთან ერთად და იკითხა ურო. მე დავათვალიერებინე მას რამდენიმე ურო. შეარჩია ყველაზე დიდი ურო, რაც მქონდა მაღაზიაში. გადაიხადა 25 ლარი და წავიდა. სხვა რამ, ან ლურსმნები ან სხვა სამშენებლო მასალები არ უკითხავს და არ შეუძენია", - განაცხადა მოწმემ.
მაღაზიის მფლობელის ინფორმაციით, 20 დეკემბერს უკვე მასთან მივიდა მამაკაცი, რომელმაც აჩვენა უროს ფოტო და ჰკითხა მასთან იყო თუ არა შეძენილი აღნიშნული ნივთი, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა. მოწმის თქმით, შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში, შემძენის ამოსაცნობად გადაიყვანეს.
მოწმის დაკითხვისას ასევე ნაჩვენები იქნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ მიდის მაღაზიაში მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და შემდეგ რამდენიმე წუთში როგორ გამოდის უკან პარკით ხელში.