ბოლო როს თვალშისაცემად გაძვირებული მობილურის კავშირგაბმულობის ტარიფები, შესაძლოა, შემცირდეს. მთავრობა და მარეგულირებელი კომისია ცდილობენ სხვადასხვა მექანიზმით ტარიფის კლება გამოიწვიონ, მაგრამ ბაზარზე საპირისპირო ვითარებაა. ბოლო პერიოდში 1 წუთის ღირებულება მუდმივად იზრდება.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ პირებს აქციზის გადასახადს უუქმებს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და ჯერჯერობით არანაირი წინაღობა არ შეხვედრია. დიდი ალბათობით, კანონპროექტი დამტკიცდება კიდეც.
კანონპროექტის მიხედვით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის დაწესებული აქციზის არსებული 8%-იანი განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე განაკვეთი 3%-მდე შემცირდება.
"ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ აქციზის გადასახადის გაუქმება კომპანიებს სატარიფო პოლიტიკის გადახედვის და მისი შემცირების შესაძლებლობას მისცემს.
"ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თავის დროზე, როდესაც მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე აქციზის 10%-იანი განაკვეთი დაწესდა, კომპანიები ამას დადებითად არ შეხვედრიან, რადგანაც ეს პირდაპირი ხარჯი იყო მათთვის. აქედან გამომდინარე, უჩა სეთური აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება.